საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2016 წლის სხდომები

2016 წლის 7 ივლისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-07

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 36 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობამ დაამტკიცა საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია.
პროექტის განხორციელებისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეიქმნება საგზაო უსაფრთხოების უწყებათაშორისი კომისია და ეროვნული საგზაო უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფი, რომლებიც უზრუნველყოფენ კომუნიკაციას, კოორდინაციას და საგზაო უსაფრთხოების სფეროში უწყებათაშორის შეთანხმებას მაღალი დონის სტრატეგიაზე, პროგრამებსა და პროექტებზე.

საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავებაში ჩართულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და სხვა შესაბამისი უწყებები.

სტრატეგია წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და გლობალური ექსპერტების მიერ რეკომენდებულ ახალ მიმართულებებს, საქართველოში წარმატებული და მდგრადი გრძელვადიანი საგზაო უსაფრთხოების მართვისთვის.
მთავრობამ ასევე დაამტკიცა „ზოგიერთ დასახლებაში ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა", რომლითაც მთავრობა ეხმარება მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში წლების წინ ჩატარებული მიწის რეფორმის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები არ მიუღიათ, მაგრამ მინიმუმ 15 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ფლობენ და განკარგავენ ამ ქონებას.
ამ ეტაპისთვის, განსაზღვრულია იმ მაღალმთიანი დასახლებების ჩამონათვალი, სადაც არ ჩატარებულა მიწის რეფორმა, შესაბამისად, სწორედ ამ დასახლებებზე გავრცელდება აღნიშნული პროგრამა - საუბარია მესტიის, თიანეთის, ახმეტის, დუშეთის, ფასანაურის, ხევსურეთის, გუდამაყრის, ანანურის, უკანაფშავისა და ქვეშეთის კონკრეტულ სოფლებზე. იგეგმება აღნიშნული სიის განახლება იმ დასახლებების მიხედვით, სადაც ეტაპობრივად დამტკიცდება განაშენიანების რეგულირების გეგმა. პროგრამის ამოქმედების შემდეგ, მთაში მცხოვრებ მოქალაქეებს, მიეცემათ საშუალება, გახდნენ მიწის ნაკვეთების მართლზომიერი მფლობელები, მოაქციონ საკუთარი ქონება სამოქალაქო ბრუნვაში და გაიუმჯობესონ ეკონომიკური მდგომარეობა.

ჩაის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთის დაბა ლაითურში 36 თვეში ჩაის საწარმო ამოქმედდება. ამ მიზნით, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს ,,ლუკა 2010"-სათვის იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ" განკარგულების პროექტი საქართველოს მთავრობამ დღეს დაამტკიცა.
ასევე დამტკიცებულია განკარგულების პროექტი ,,ბაკურიანისა და დიდი მიტარბის განვითარებისათვის ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე", რომლის თანახმად, ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა განახლდება მის მიმდებარედ არსებული საკურორტო პოტენციალის მქონე დასახლების - დიდი მიტარბის გათვალისწინებით.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში". ცვლილების მიზანია, პაციენტმა მიიღოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, რომელიც გულისხმობს ლაბორატორიული სერვისის(მაღალი რისკის სამედიცინო მომსახურების) ადეკვატურ პირობებში მიწოდების უზრუნველყოფას. მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელთა მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული რეგულაციები აქამდე არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, სერვისის მიმწოდებლებს, ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის, გონივრული ვადა მიეცემათ და ახალი რეგულაციები 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

2016 წლის ბოლოს, სტიქიის შედეგად მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე თეთნულდის სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის დაზიანებული მონაკვეთების აღდგენის სამუშაოები დაიწყება. შესაბამისი განკარგულების პროექტი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.
მთავრობამ მხარი დაუჭირა განკარგულების პროექტს ,,სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შესახებ", რომლის თანახმად, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხამისკურში მდებარე 3 585.8 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში საყრდენი სეისმური სადგურის ინსტალაციის მიზნით, სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცემა.