საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2016 წლის სხდომები

2016 წლის 30 ივნისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-30

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 35 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი.

მთავრობის განკარგულებით, პირველი ივლისიდან საპენსიო ცვლილებები ძალაში შედის. პენსიების ზრდის პროცესი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს.

„პირველი ივლისიდან პენსია გაეზრდებათ შშმ პირებს - მკვეთრად გამოხატულ კატეგორიას და ბავშვებს. 18 წლამდე ბავშვებში ეს კატეგორიები დიფერენცირებული არ არის. მათი პენსია, ისევე, როგორც ასაკით პენსიონერების, 180 ლარი გახდება. სულ ეს ცვლილებები შეეხება 35 000-მდე ადამიანს. ასევე, საპენსიო ცვლილებებია, რომელიც პირველი ივლისიდან შედის ძალაში, როდესაც ზრდა შეეხებათ ასაკით პენსიონერებს. ეს ზრდა აბსოლუტურ რიცხვებში გამოიხატება 20 ლარით ანუ პენსია გახდება 180 ლარი. ბოლო 4 წლის განმავლობაში ასაკობრივი პენსიის საერთო სურათს რომ შევხედოთ, თუკი ჯამური ბიუჯეტი 2012 წელს 1,045 მილიარდი ლარი იყო, წელს ეს არის 1,570 მილიონი ლარი, ანუ საპენსიო ანაზღაურება ნახევარ მილიარდზე მეტით გაიზარდა. პროცენტულად ეს არის 65%-იანი ზრდა. ასევე მნიშვნელოვანია პენსიონერების საერთო რაოდენობა როგორ შეიცვალა ბოლო 4 წლის განმავლობაში. 2012 წელს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული იყო 680 000 ასაკით პენსიონერი, წელს რეგისტრირებულია 713 000", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

2016 წლის 1 სექტემბრიდან ასაკობრივი პენსია კიდევ 20%-ით გაიზრდება მთაში მცხოვრები ასაკით პენსიონერებისათვის და ის 216 ლარი გახდება.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დამტკიცდა საქართველოს კულტურის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტი „კულტურის სტრატეგია 2025", რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ფართო საზოგადოებისა და საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი კომისიის ჩართულობით შეიმუშავა. პირველად საქართველოს ისტორიაში შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს კულტურისა და მისი სხვადასხვა დარგის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ეტაპობრივად გადაჭრას. კულტურის სტრატეგია 2025, გარდა კულტურის ტრადიციული მიმართულებებისა, ორიენტირებულია შემოქმედებითი ინდუსტრიების, მათ შორის, შემოქმედებითი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობაზე, რაც ქვეყნისათვის ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მომტანია. კულტურის სტრატეგიის შემუშავების პროცესი 2014 წლიდან დაიწყო გზამკვლევის შემუშავებით, რომელმაც განსაზღვრა სტრატეგიის მთავარი პრინციპები: ღიაობა, გამჭვირვალობა და ინკლუზიურობა. აღნიშნულ პროცესში ჩართული იყო ფართო საზოგადოება. სტრატეგიის შემუშავების პროცესი ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა და ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურად იქნა შეფასებული ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის მიერ. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიის დოკუმენტის გარდა, დამტკიცდება 3 წლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად გაიწერება სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი კონკრეტული აქტივობები.

საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა განკარგულების პროექტი „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ." პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 9 999 792 ლარის გამოყოფას, იმ პროექტების განხორციელებისათვის რომლებზედაც უკვე არსებობს საპროექტო დოკუმენტაცია ან მათზე სამუშაოები დაწყებულია გასულ წლებში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური