საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2016 წლის სხდომები

2016 წლის 27 მაისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-05-27

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 40 საკითხი განიხილა. გადაიდო 3 საკითხი, დაემატა 13 საკითხი. დღის წესრიგი

მთავრობამ დაამტკიცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ პრემიერ-მინისტრის დავალებით მოამზადა და რომელიც, საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებაზე სანქციები გამკაცრდება. ასევე გამკაცრდება სასჯელი ცემისთვის. შესაბამისი დავალება იუსტიციის მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

მინისტრთა კაბინეტმა ასევე დაამტკიცა სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. პროგრამა შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა კონკურენტუნარიანობის ამაღლების, მათი პროფესიული მომზადება-გადამზადების და სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირების გზით, სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

სამედიცინო მომსახურების ხარისხის და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ცვლილებები შედის „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2016 წლის სახელმწიფო პროგრამაში, რაც დაბა ლენტეხისა და დაბა ხარაგაულის მრავალპროფილიანი საავადმყოფოებისთვის, ზუგდიდში სკრინინგ ცენტრის; სს ,,ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის" და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის სამშენებლო სამუშაოების, სამედიცინო აპარატურისა და ავეჯის, საოჯახო ტექნიკისა და ინვენტარის, ასევე, საოფისე ავეჯის შესყიდვისა და გარე კომუნიკაციების მოწყობას გულისხმობს. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროსთვის უვადო სარგებლობაში, უსასყიდლოდ გადაცემული საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა Toyota Land Cruiser 200 რეანომობილად გადაკეთდება და შესაბამისად აღიჭურვება. პროგრამის ბიუჯეტი 22 974.7 ათას ლარს შეადგენს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე დამტკიცებულია ბაკურიანში, დიდველის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა. გეგმის თანახმად, იმისთვის, რომ ერთის მხრივ, ხელი შეეწყოს კერძო სექტორის საქმიანობას, ხოლო მეორეს მხრივ, თავიდან იყოს აცილებული კურორტის, მათ შორის დიდველის მიმდებარე ტერიტორიის არასწორი განაშენიანება,მნიშვნელოვანია, არსებობდეს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა.

მინისტრთა კაბინეტმა, დღევანდელ სხდომაზე ასევე დაამტკიცა „საჯარო და კერძო თანამშრომლობის პოლიტიკის დოკუმენტი", რომელიც საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების განხორციელების ძირითადი მიმართულებების, პრინციპებისა და ინსტიტუციური სისტემის განსაზღვრას ისახავს მიზნად. დოკუმენტი, შემუშავებულია ფართო განხილვების შედეგად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და აზიის განვითარების ბანკთან ერთად და ის ხელს შეუწყობს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას და ეკონომიკურ ზრდას.

მთავრობის განკარგულებით, 2015-2016 წლებში მომხდარი სხვადასხვა სტიქიური მოვლენის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის 4 521 900 ლარი გამოიყოფა. გარდა ამისა, მთავრობის განკარგულებით, საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარედგინება. საქართველოს მთავრობის ანგარიშზე საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებელი იქნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე.

მთავრობის დადგენილებით, ცვლილება შედის „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულებაში", რაც თავდაცვის სამინისტროში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის დეპარტამენტის აღდგენას გულისხმობს.