საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2016 წლის სხდომები

2016 წლის 16 მაისის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-05-16

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 36 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობამ დაამტკიცა განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ფრეკოსთვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ", რომლის თანახმად, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში, საკვები პროდუქტების მწარმოებელი საწარმოს შექმნაში 67 920 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 20 ადამიანი დასაქმდება.

მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური ტიპის მეფრინველეობის ფაბრიკა შეიქმნება გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში, განხორციელდება 143 120 ლარის ინვესტიცია. შესაბამისი განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „როსტერისათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" მთავრობამ დაამტკიცა.

მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ სხდომაზე ასევე მიიღო გადაწყვეტილება 16 მეწარმე სუბიექტისათვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების თაობაზე.
მთავრობამ ასევე დაამტკიცა განკარგულების პროექტი ,,საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფრანგეთში შეძენილი ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებათა შესახებ".
განკარგულების თანახმად, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრებისა და წარმომადგენლების შთამომავლები, განკარგულებით და მისი დანართით გათვალისწინებული პირობებით, ხელს მოაწერენ ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის შესახებ წინასწარი თანხმობის აქტს, რაც ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საბოლოო აქტზე ხელმოწერის საფუძველი გახდება.

საქართველოს მთავრობამ, დღევანდელ სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევ მოსამართლედ ალექსანდრე ბარამიძის, ნანა მჭედლიძისა და გიორგი ბადაშვილის კანდიდატურები დაამტკიცა. სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული 5 კანდიდატი მთავრობის სხდომას კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა წარუდგინა. მთავრობის დამტკიცებული კანდიდატებიდან ერთ-ერთს სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან არჩეული მოსამართლის პოსტზე ევროპის საბჭო შეარჩევს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური