საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2016 წლის სხდომები

2016 წლის 8 აპრილის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-04-08

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 32 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 144 ოჯახს გადაეცემა. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 11 285-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო.

მთავრობის დადგენილებით ასევე განსაზღვრა თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონის (ტერიტორიის) და თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობისა და გზის (ტრასის) შესაბამისი საზღვრების დამტკიცების, კონტროლისა და ადმინისტრირების განმახორციელებელი და უსაფრთხოების წესების დადგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოები.
დადგენილების თანახმად, თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონაში (ტერიტორიაზე) სასრიალო ტრასით სარგებლობის (მოძრაობის/სრიალის) უსაფრთხოების წესების დადგენის უფლებამოსილების მქონე ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც დადგენილების ძალაში შესვლიდან 2 კვირის ვადაში უსაფრთხოების შესაბამის წესებს დაადგენს. ადმინისტრირებას მთის კურორტების განვითარების კომპანია უზრუნველყოფს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიენიჭა უფლებამოსილება, დაამტკიცოს - თოვლზე/ყინულზე სასრიალო ზონის (ტერიტორიის) და თოვლზე/ყინულზე სასრიალო ფერდობისა და გზის (ტრასის) შესაბამისი საზღვრები, რაც საკანონმდებლო რეგულაციების ეფექტიანად აღსრულებას შეუწყობს ხელს.

მთავრობამ ასევე დაამტკიცა განკარგულების პროექტი ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ", რომელიც კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას ემსახურება. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, სატრანსპორტო ნაკადისაგან განიტვირთება ისეთი ცენტრალური ქუჩები როგორებიცაა: ბარათაშვილის, პუშკინის, ლეონიძის, ქიქოძის, ასათიანის, დადიანის, ლერმონტოვის, ამაღლებისა და მაჩაბლის ქუჩები, ასევე მათი მიმდებარე ტერიტორია. პროექტი ხელს შეუწყობს მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთული მონაკვეთის განტვირთვას. კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი 5-კილომეტრიანი გზა ნადიკვრის მეორე შესახვევიდან დაიწყება და სოფელ შინდისში ჯავახიშვილის ქუჩას შეუერთდება.