საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2016 წლის სხდომები

2016 წლის 11 თებერვლის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-11

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 36 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობამ მოიწონა საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომელიც მოგების გადასახადის რეფორმას, ე.წ. ესტონური მოდელის დანერგვას გულისხმობს. აღნიშნული მოდელის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში.

მოგების გადასახადის რეფორმის გარდა, მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მხრივ. კერძოდ, საგადასახადო დავის პერიოდში პირის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება განხორციელდება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით; საგადასახადო შემოწმებას განახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო; კომპანია, რომელიც ძირითად საშუალებებს იყენებს დამატებითი ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციებში, ძირითადი საშუალების იმპორტისას აღარ გადაიხდის დღგ-ს თანხას და ა.შ. კანონპროექტების პაკეტი განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.

მთავრობამ ასევე დაამტკიცა განკარგულების პროექტი ,,საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი II" ფინანსური ხელშეკრულების ხელმოწერის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ". დოკუმენტებს, რომლებიც ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ფინანსური რესურსის გამოყოფას გულისხმობს, ხელი დღეს მოეწერება.

მთავრობამ ასევე მოიწონა განკარგულების პროექტი - „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის და იმ მოწყობილობების და ნაწილების საგნებისათვის, რომლებიც შესაძლებელია დაყენდეს ან/და გამოყენებულ იქნეს თვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, ერთგვაროვანი ტექნიკური მიწერილობების მიღების და ამ მიწერილობების საფუძველზე გაცემული ოფიციალური დამტკიცების ურთიერთაღიარების პირობების შესახებ შეთანხმების" საქართველოში იმპლემენტაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების შესახებ". განკარგულება მწარმოებლებს საშუალებას აძლევს, საქართველოში აწარმოონ ავტოსატრანსპორტო საშუალებები (ასევე მათი ცალკეული ნაწილები) როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის, განაცხადის საფუძველზე მოხდეს მათი კოდიფიცირება და ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის საერთაშორისო წარმოების (VIN) კოდის მინიჭება.

მთავრობამ დღესვე დაამტკიცა განკარგულების პროექტი ,,2017 წელს ქ. ბორდოში ღვინის ცივილიზაციის ცენტრში გასამართი ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი გამოფენის ჩატარებისთვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ", რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარადგინა.

 

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური