საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2016 წლის სხდომები

2016 წლის 29 იანვრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-29

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით 29 იანვარს მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული 38 საკითხი განიხილეს. დღის წესრიგი

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა სპეცუბნებთან დაკავშირებით "საარჩევნო კოდექსში"ცვლილებების პროექტი. აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დროს კი საბოლოოდ შეთანხმდა კონცეფცია. კანონპროექტის მიხედვით, გაუქმდება სპეცუბნები.
სამხედრო მოსამსახურეების უმრავლესობა ხმას მისცემს მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლოკონტიგენტის ის ნაწილი, რომელიც სავალდებულო განაწესში იმყოფება, მორიგეობით უახლოეს სამოქალაქო უბანზე მისცემს ხმას. ერთადერთი გამონაკლისი იქნება ავღანეთი.

მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, ცვლილებები შევიდა „საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონში და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. კანონპროექტების მიღების მთავარი მიზანია მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის გაძლიერება ზამთრის საკურორტო ზონებში, თოვლსა და ყინულზე სასრიალო ზონაში უსაფრთხოების ნორმების დაწესება და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რეალური საფრთხეების პრევენცია.

კანონპროექტის თანახმად იკრძალება თოვლმავლის მართვა და სათხილამურო ფერდობზე ან გზაზე (ტრასაზე) მოთხილამურის მიერ სრიალი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას. ამასთან, კანონპროექტით თოვლმავლის მართვის უფლების მქონე პირის ასაკი განისაზღვრება 16 წლით. იკრძალება სათხილამურო ფერდობზე ან გზაზე (ტრასაზე) თოვლმავლების მძღოლების მიერ თოვლმავლით გადაადგილება, გარდა სათხილამურო ტერიტორიაზე მყოფი შესაბამისი სათხილამურო ტერიტორიის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებისა. სათხილამურო ტერიტორიის კონტროლს და ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.

კანონპროექტის საფუძველზე, თოვლმავლით სათხილამურო ფერდობზე ან გზაზე (ტრასაზე) გადაადგილებისას სათხილამურო ტერიტორიაზე მყოფი შესაბამისი ოპერატორის (ან სათხილამურო ტერიტორიის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი დაწესებულების) მიერ დადგენილი წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის სახედ და ზომად გათვალისიწინებულია გაფრთხილება ან დაჯარიმება 40 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

თოვლმავლის მართვა და მოთხილამურის მიერ სათხილამურო ფერდობზე ან გზაზე (ტრასაზე) სრიალი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპულის სიმთვრალის მდგომარეობაში, ან იმ სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებისას, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას, სანქციის სახედ ასევე ითვალისწინებს გაფრთხილებას ან დაჯარიმება 20 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, იწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ." საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დაცული ტერიტორიის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიების ჩათვლით და გარდა სახელმწიფო ტყის ფონდის შესაბამისი ტერიტორიებისა) მწვანე ნარგავების თვითნებური ჭრა ან/და გადაბელვა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაციით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის და იარაღის კონფისკაციით.

საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომელიც ახლებურად არეგულირებს საზღვარგარეთ არასრულწლოვანთა გაყვანას. კანონპროექტის პაკეტი მთავრობის სხდომას იუსტიციის მინისტრმა წარუდგინა. პროექტის მიზანი ბავშვთა და ორივე მშობლის უფლებების თანაბრად უკეთ დაცვაა. იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებული ცვლილებების თანახმად, 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელი გახდება მხოლოდ ორივე მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) ნებართვით. თუმცა, გათვალისწინებულია საგამონაკლისო შემთხვევებსაც, როდესაც არასრულწლოვანი საქართველოს ერთ-ერთი მშობლის თანხმობით დატოვებს. ასეთია, მაგალითად, შემთხვევა, როდესაც მეორე მშობელი იძებნება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა აუცილებელია მისი მკურნალობის მიზნით.