საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2016 წლის ვიზიტები და შეხვედრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-22

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 21სექტემბერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. გიორგი კვირიკაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაზე, საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტების მშენებლობაზე, რუსეთთან ურთიერთობასა და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრა. პრემიერი ამერიკის შეერთებულ შტატებში 19-22 სექტემბერს იმყოფებოდა. 

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა მაღალი რანგის შეხვედრაზე, თემაზე - დევნილთა და მიგრანტთა გახშირებული გადაადგილებები; ესტონეთის, საქართველოს, კორეის რესპუბლიკისა და UNDP-ის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის ღონისძიებაზე, თემაზე - ეფექტური ინსტიტუციები; სამხრეთ აფრიკისა და საფრანგეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის შეხვედრაზე „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) თემაზე; ასევე, მაღალი დონის შეხვედრაზე, თემაზე -  ინოვაციური დაფინანსება 2030 წლისათვის, მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში (Innovative Financing for 2030 SDGs).
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას, გიორგი კვირიკაშვილმა, ორმხრივ შეხვედრებიც გამართა.  

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ენტონი ბლინკენს,  გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს, ევროკომისიის პირველ ვიცე-პრეზიდენტ ფრანს ტიმერმანსს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში - ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინის, ასევე,  სლოვაკეთის პრეზიდენტ ანდრეი კისკას  და მოლდოვას პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპს შეხვდა.
მოლაპარაკებები გაიმართა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორთან დენა ჰაიდთან.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრო რამდენიმე ოფიციალურ მიღებას, რომლებიც დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად, აშშ-ს პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით, გაერო-ს გენერალური მდივნისა და მისი მეუღლის სახელით, პრეზიდენტ კლინტონის სახელით და  ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი