საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2016 წლის ვიზიტები და შეხვედრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-05

5 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

გიორგი კვირიკაშვილს ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი დახვდა. გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია, შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი.

სომხეთის რესპუბლიკაში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ჰოვიკ აბრაჰამიანს შეხვდა. პირისპირ საუბრის დროს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა საქართველო-სომხეთს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში არსებული თანამშრომლობა განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს. პრემიერ-მინისტრებმა გამოხატეს სრული მზაობა, ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას.

პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ საუბარი გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. მხარეებმა ეკონომიკის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონალური მნიშვნელობის პროექტებს. ხაზი გაესვა ქართულ სომხური მთავრობათაშორისი კომისიის ჩატარების მნიშვნელობას.

გაფართოებულ შეხვედრას ქართული მხრიდან ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, ხოლო სომხური მხრიდან ვიცე-პრემიერი, საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციისა და რეფორმების მინისტრი ვაჩე გაბრიელიანი, ენერგეტიკის მინისტრი ლევონ ეოლიანი და ტრანსპორტის მინისტრი გაგიკ ბეგლარიანი დაესწრნენ.

სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს შეხვდა. საუბრის დასაწყისში სომხეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას. გიორგი კვირიკაშვილმა და სერჟ სარგსიანმა საქართველო-სომხეთს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზეც ისაუბრეს და გამოხატეს მზაობა, ხელი შეუწყონ სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის პრეზიდენტმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის საკითხებზე. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების პოტენციალი სრულად იქნება გამოყენებული. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ურთიერთანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა კომუნიკაციები, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა.

გიორგი კვირიკაშვილმა და სერჟ სარგსიანმა რეგიონალური უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ეკონომიკური პროექტების სწრაფად და შეუფერხებლად მიმდინარეობისთვის რეგიონალურ უსაფრთხოებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

პირისპირ გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი