საქართველოს პრემიერ-მინისტრი 27-28 ივნისს ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფებოდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-01

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ, საქართველომ, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან(EFTA) გააფორმა, რომელიც შვეიცარიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და ისლანდიას აერთიანებს.
დოკუმენტს ბერნში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტისა და EFTA-ს მინისტერიალის ფარგლებში, 27 ივნისს, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურმა პრეზიდენტმა, ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების მინისტრმა იოჰან შნაიდერ-ამანმა და EFTA-ს ქვეყნების მინისტრებმა მოაწერეს ხელი.

ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულება და შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია ისტორიულ მოვლენად შეაფასა.
"ეს მოხდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ. უნდა ვთქვა, რომ ჩვენ კიდევ გვწამს ევროკავშირის, როგორც ინსტიტუტის და ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვართ განწყობილნი მისი მომავლისადმი. საქართველოსა და EFTA-ს ქვეყნებს მსგავსი მოსაზრება აქვთ იმასთან დაკავშირებით, რამდენად მნიშვნელოვანი და ძვირფასია თავისუფალი ვაჭრობა. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით შეიქმნა EFTA. იმ რწმენიდან გამომდინარე, რომ თავისუფალი ვაჭრობა განვითარებისა და კეთილდღეობის მიღწევის საშულებაა, 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, EFTA საერთაშორისო ვაჭრობის სტანდარტებს ადგენს. სწორედ ამიტომ, საქართველოსთვის დიდი პატივია სავაჭრო პარტნიორობის დამყარება იმ პარტნიორთან, რომელიც, ჩემი აზრით, თავისუფალი ვაჭრობის განსახიერებააა", - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბერნის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საქართველოს მთავრობის მეთაურს შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური პრეზიდენტი, ეკონომიკის, განათლებისა და კვლევების მინისტრი იოჰან შნაიდერ-ამანი დახვდა. შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური პრეზიდენტის შეხვედრა და შვეიცარია-საქართველოს ბიზნესფორუმი, რომელშიც 60-მდე ბიზნესმენი მონაწილეობდა.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფთან, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მთიანი რეგიონების განვითარების საკითხზე შვეიცარიის გამოცდილების გაზიარება იყო.
საქართველოს მთავრობის მეთაურს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლა შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე კრისტა მარკვალდერმა, რომელიც 2016 წლის 5-6 სექტემბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე, ტურიზმის, მეწარმეობის, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.

საქართველოს დელეგაციაში, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია იმყოფებოდნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი