საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბორდოში ამოსაბეჭდი ვერსია

2016-05-31

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 31 მაისს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში იმყოფებოდა. 

ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა. ფრანსუა ოლანდი საქართველოს, ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში, მხარდაჭერას უცხადებს. 

საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები და ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრისას დეტალურად ისაუბრა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ტექნიკურ საკითხებზე და ხაზი გაუსვა საქართველოს დასავლური ვექტორისთვის ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების პოლიტიკურ მნიშვნელობას, რაშიც ფრანსუა ოლანდმა გიორგი კვირიკაშვილს მხარდაჭერა აღუთქვა. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საუბარი ექნება შესაბამის სამინისტროებთან, რათა, ვიზის ლიბერალიზაციის საკითხზე საფრანგეთის თანხმობა მოკლე დროში იყოს მიღებული.
საუბარი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასაც შეეხო.

პრემიერ-მინისტრი ვიზიტის ფარგლებში, „ღვინის ქალაქის" გახსნას დაესწრო, რომლის პირველი სტუმარი, მომავალ წელს, საქართველო იქნება. საზეიმო ცერემონია საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გახსნა. მუზეუმი, რომელსაც „ღვინის ქალაქის" უდიდესი ნაწილი ეთმობა, 2017 წლის პირველ საზაფხულო გამოფენაზე - „მოწვეული ვენახი", საქართველოს უმასპინძლებს. გამოფენა, სახელწოდებით - "საქართველო - მეღვინეობის აკვანი", 2017 წლის ივლის-აგვისტოში იგეგმება.

საზეიმო ცერემონიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური