საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციულ სამიტში მიიღო მონაწილეობა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-05-13

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციულ სამიტში მიიღო მონაწილეობა, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონის ორგანიზებით გაიმართა. სამიტს 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პრეზიდენტები დაესწრნენ.

გიორგი კვირიკაშვილი დიდ ბრიტანეთში 11-13 მაისს იმყოფებოდა.

სამიტზე პრემიერმა საქართველოს მიერ, კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი, შესაძლოა, რევოლუციური არ არის, თუმცა მიღწეული შედეგი რევოლუციის ტოლფასია.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სახელმწიფო მდივან მაიკლ ფალონთან და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივან ფილიპ ჰამონდთან, ასევე "ბრითიშ პეტროლიუმის" აღმასრულებელ დირექტორ ბობ დედლისთან.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და საგარეო მდივნებმა გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე სიტყვით გამოვიდა ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში, სადაც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსსა და ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა.

„საქართველოს მიზანია ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება, ხოლო საბოლოო ამოცანაა ევროკავშირში და თავისთავად, ნატო-ში გაწევრიანება; მსურს, ვუთხრა ნებისმიერს, ვინც საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით სპეკულირებს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ესაა საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება, რაც რამდენჯერმე დადასტურდა გამოკითხვებისა და რეფერენდუმის მეშვეობით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა ბიზნესფორუმზე - Georgia Investor Day. საქართველოს მთავრობის მეთაურმა პრეზენტაციაზე შეკრებილ წამყვანი ბრიტანული საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების ხელმძღვანელ პირებს დეტალურად გააცნო ის შესაძლებლობები, რომლებსაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს. ბიზნესფორუმს 130 ბიზნესმენი დაესწრო.

დიდ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური ლონდონში, მაცხოვრის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც ქართულ დიასპორას შეხვდა. ვიზიტის დასასრულს, გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი