საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2016 წლის ვიზიტები და შეხვედრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-04-21

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 21 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვიდა. გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში 19-21 აპრილს იმყოფებოდა.

საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის, ინსტიტუციური და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

„დღეს ჩემი აქ ყოფნის მიზანია ერთიანი და თავისუფალი ევროპის ხედვისადმი საქართველოს ერთგულების კიდევ ერთხელ დადასტურება მაშინ, როცა ამ ხედვის რწმენა საყოველთაო გამოცდის წინაშე დგას. საქართველოსთვის ეს პროცესი შეუქცევადია. ჩვენ დიდი ხნის წინ გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი. ჩვენ დიდი გზა გამოვიარეთ, რათა გავმხდარიყავით ერთიანი და თავისუფალი ევროპის წევრი ქვეყანა. საქართველო 1999 წლის აპრილში გახდა ევროპის საბჭოს წევრი. თითებზე ჩამოსათვლელია ის ინსტიტუტები, რომლებიც განასახიერებენ ევროპას ისე სრულყოფილად და ლაღად, როგორც ევროპის საბჭო. საქართველო, თავისი ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, შეუერთდა ბევრ ორგანიზაციას, რათა გაწევრიანებულიყო ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახში. მაგრამ სწორედ ევროპის საბჭოს წევრობამ უზრუნველყო ჩვენი ევროპეიზაცია, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით, რაც მოიცავს ჩვენი ისტორიული ფესვების დაფასებას და თითოეული მოქალაქის გაძლიერებას. ევროპელობა არის არა გეოგრაფიული ცნება, არამედ უსაფრთხოების, ღირსების, თავისუფლებისა და შესაძლებლობების არსებობის შეგრძნება, რომელიც ასახავს კონკრეტულ სოციალურ კონტრაქტს. ჩემი სახელმწიფო ვერ იქნება თავისუფალი, თუკი მის მოქალაქეებს არ ექნებათ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან. გიორგი კვირიკაშვილს ასევე უმასპინძლა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტს და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი