საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2016 წლის ვიზიტები და შეხვედრები

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ამოსაბეჭდი ვერსია

2016-04-14

11-12 აპრილს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმში, რომელიც დუბაიში გაიმართა.  

გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვიდა პლენარულ სესიაზე: „Global Leaders Debate," სადაც საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობაზე, მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე, სატრანზიტო პოტენციალზე და ბიზნესის სიმარტივის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ და ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ თავისუფალ, ღია და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს. დუბაის ყოველწლიურ საინვესტიციო შეხვედრას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, უმაღლესი თანამდებობის პირები, უმსხვილესი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრს მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს.

მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით არსებულ უდიდეს პოტენციალზე და გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და ინვესტიციის მოზიდვის მიმართულებით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აბუ დაბის ტახტის მემკვიდრეს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ სახელმწიფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე და ამ მიმართულებით განსახორციელებელ კონკრეტულ პროექტებზე ისაუბრეს. შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოში სპეციალური ჯგუფი ჩამოვა, რომელიც ინვესტიციების განსახორციელებლად კონკრეტულ სფეროებს შეისწავლის. 

შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობაში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება. საუბრის დასასრულს, გიორგი კვირიკაშვილმა აბუ დაბის ტახტის მემკვიდრე საქართველოში მოიწვია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დუბაის საინვესტიციო ფორუმში მონაწილე ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი, მიმზიდველი ბიზნესგარემო და ქვეყნის განვითარების მიზნით დაგეგმილი რეფორმები გააცნო.  შეხვედრაზე ხაზი გაესვა არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ბიზნესურთიერთობებს. აღინიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროები უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

ფოტოალბომი