საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ამერიკელი სენატორები ტექნოპარკში ამოსაბეჭდი ვერსია

2017-01-02

თბილისში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრები - ჯონ მაკკეინი, ლინდსი გრემი და ემი კლობუჩარი დღეს თბილისის ტექნოლოგიურ პარკს ესტუმრნენ.

ამერიკელ სენატორებს მასპინძლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაუწია. სტუმრებმა ტექნოპარკის ტერიტორიაზე განლაგებული სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები და საგამოფენო ოთახები დაათვალიერეს.

სენატორები ინოვაციური იდეებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეხვდნენ და მათი პროექტების პრეზენტაციას გაეცნენ. ტექნოპარკში შეკრებილებს სიტყვით მიმართა სენატორმა ჯონ მაკკეინმა. მისი თქმით, ინოვაციური პროექტების განხორციელებით, საფუძველი ეყრება საქართველოს ეკონომიკის მომავალს. "დიდი მადლობა ინოვაციებისა და პროგრესისათვის. ვფიქრობ, რომ აშკარაა ერთი ფაქტი - თქვენ ქმნით არა მხოლოდ თქვენს, არამედ ქვეყნის ეკონომიკის მომავალსაც. ძალიან შთამბეჭდავია იმ ახალგაზრდა ადამიანების ხილვა, რომლებმაც შექმნეს ასეთი შესანიშნავი ნივთები. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა დღეს აქ ყოფნა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებთან ერთად ახალი წლის აღნიშვნა. საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვარ და სიტყვებით ვერ აღვწერ იმას, თუ რაოდენ ბედნიერი ვარ იმით, რომ ვიმყოფები ამ თავისუფალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა თავიანთი საუკეთესო ნიჭი და წარმოსახვის უნარი წარმატებად აქციონ," - განაცხადა ჯონ მაკკეინმა. სენატორმა ემი კლობუჩარმა წარმატება უსურვა დამწყებ მეწარმეებს და ინოვატორებს და მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ტექნოპარკში მოწვევისთვის. "ამგვარი ინოვატორული აქტივობების ხილვა ნამდვილად აღმაფრთოვანებელია - მე თავად მაქვს ნანახი ამ საქმიანობის შედეგი ჩვენს შტატში - ამ აქტივობების შედეგად იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა, მცირდება უმუშევრობის დონე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ჩვენი აქ მოწვევისათვის," - განაცხადა სენატორმა ემი კლობუჩარმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას. სენატორმა ლინდსი გრემმა ახალგაზრდებს ახალი წელი მიულოცა და ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მცდელობას, მოახდინოს ქვეყნის რეფორმირება. "მე გახლავართ სენატორი გრემი სამხრეთ კაროლინადან, სადაც ძალიან თბილა. მე და ინოვაცია სრულიად შეუთავსებლები ვართ, თუმცა თავისუფლების გარეშე არ არსებობს ინოვაცია. ამდენად, ჩემი რჩევა იქნება - ბიზნესის ზრდასთან ერთად, ქვეყანაც უნდა განვითარდეს.

დემოკრატიის სტანდარტები მოითხოვს ხალხის მონაწილეობას. ძალიან შთამბეჭდავია თქვენი პრემიერ-მინისტრის მცდელობები ქვეყნის რეფორმირებასთან დაკავშირებით. მე სენატორ მაკკეინთან ერთად წინათაც ბევრჯერ ვყოფილვარ საქართველოში - ის საქართველოს მხარდაჭერის კუთხით კონგრესის ჩემპიონია. ისინი, ვინც თავისუფლებას აფასებენ, აფასებენ საქართველოს. გილოცავთ ახალ წელს!" - აღნიშნა სენატორმა ლინდსი გრემმა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკელ სენატორებს ვიზიტისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის. "აქ შეკრებილი საზოგადოებისა და სხვათა სახელით, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ დროის ამ უმნიშვნელოვანესი მონაკვეთის - ახალი წლის საქართველოში გატარებისთვის. ეს, ჩვენი აზრით, ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად ძალიან სწორი მომენტია, რათა ჩვენ განვაგრძოთ სწრაფვა ევროპის, ნატოსა და ზოგადად, ჭეშმარიტად დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისკენ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აშშ-სა და თქვენს ელჩს - ჩვენს მეგობარს იან კელის საქართველოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, უდიდესი დახმარებისთვის.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 25 წლის მანძილზე ჩვენი ქვეყანა ცდილობს, ჩამოყალიბდეს ჭეშმარიტად დემოკრატიულ ქვეყნად და გახდეს ევროპული სივრცისა და ცივილიზებული სამყაროს ჭეშმარიტი ნაწილი. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს ჩვენი ქვეყნისათვის ურთულეს პირობებში გამოხატული მხარდაჭერისათვის. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო აქ შეკრებილ საზოგადოებას ახალი წლის დღის ჩვენთან ერთად გატარებისთვის. დიდი მადლობა ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ამ პრეზენტაციის ორგანიზებისათვის. ეს პროექტი შეცვლის ქვეყნის მომავალს.

ეს პროექტი შეცვლის ახალგაზრდა თაობის მსოფლმხედველობას და ისინი მეტად დაინტერესდებიან მეწარმეობითა და ქართული ეკონომიკის ყველაზე აქტიური, დინამიური და სწრაფად განვითარებადი დარგის მშენებლობით," - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური