პრემიერ-მინისტრის განცხადება 2017 წელს დაგეგმილი საიუბილეო ღონისძიებების შესახებ ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-29

2017 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე და უწმინდესის დაბადებიდან 85 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღინიშნება. ამ მიზნით, სპეციალური კომისია შეიქმნება, რომლის შემადგენლობაში საქართველოს მთავრობის, საპატრიარქოსა და საზოგადოების წარმომადგენლები შევლენ.

განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გააკეთა.
„2017 წელს სრულდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან 100 წლისთავი; ასევე, არის ჩვენთვის ყველასთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის, ჩვენი პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე და დაბადების 85 წლის იუბილე. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, შეიქმნას სპეციალური კომისია, სადაც შევლენ მთავრობის, საპატრიარქოს და საზოგადოების წარმომადგენლები და განსაკუთრებულად აღვნიშნოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. განსაკუთრებულ აღნიშვნაში იგულისხმება რამდენიმედღიანი ღონისძიებები, შესაძლოა, იყოს სამეცნიერო კონფერენციები. ასევე, ვფიქრობთ, ჩავატაროთ საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია და დავპატიჟოთ მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის პოლიტიკოსები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პატრიარქის, როგორც მოღვაწის მნიშვნელობა დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს და ვფიქრობთ, ეს დღე ღირსეულად უნდა აღვნიშნოთ. სწორედ ამიტომ ვქმნით ასეთ კომისიას და ვიმუშავებთ, რათა ღირსეულად ჩავატაროთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იუბილე. ასევე ვფიქრობთ, რომ საქართველოს ეკლესიის როლი ისტორიულად იყო და არის განსაკუთრებული, როგორც ჩვენი ერის თვითმყოფადობის გადარჩენისა და შენარჩუნების, ასევე მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში. სწორედ ამიტომ ვგეგმავთ ასეთი ტიპის კონფერენციის ჩატარებას", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

დამატებითი დეტალები, დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, კომისიის შეკრების შემდეგ გახდება ცნობილი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური