საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის მილოცვა კათალიკოს-პატრიარქისადმი მისი აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-25

დღეს ჩვენი ქვეყანა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრების 39-ე წლისთავს აღნიშნავს. მართლაც ფასდაუდებელია ღვაწლი, რომელიც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ქართველი ერის სულიერების ამაღლებისა და განმტკიცებისთვის გასწია. მისი წინამძღოლობით აშენდა და აღდგა უამრავი ეკლესია-მონასტერი, ამოქმედდა შორეულ კუთხეებში მიტოვებული ეკლესიები, განახლდა სამონასტრო ცხოვრება. ისტორიისთვის ამ უმოკლეს დროში, ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ გამოიარა უმძიმესი პერიოდები და სწორედ ეკლესია და პატრიარქის სიტყვა იყო ამ დროს ყველაზე დიდი იმედი. დღემდე სამაგალითოა მისი სულიერი სიმტკიცე, სიბრძნე, თავმდაბლობა, შემწყნარებლობა და მოთმინების უნარი. მთელი გულით ვულოცავ ამ ღირსშესანიშნავ დღეს. ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას ვუსურვებ, კიდევ მრავალ წელს გააძლიეროს მისმა ლოცვა-კურთხევამ ჩვენი ქვეყანა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

გიორგი კვირიკაშვილი