საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერმა მთელ საქართველოს ბარბარობა მიულოცა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-17

   

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთელ საქართველოს ბარბარობის დღესასწაული მიულოცა. გიორგი კვირიკაშვილი დღეს მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
მთავრობის მეთაურმა ბარბარობის დღესასწაული განსაკუთრებით მიულოცა ბავშვებს და მათ ბედნიერი ბავშვობა უსურვა.

"დღეს არის ძალიან დიდი დღესასწაული. მახათას მთაზე შენდება ეს უმშვენიერესი ტაძარი, რომლის ზარი დღეს პირველად დაირეკა. მინდა, ყველას მივულოცო ბარბარობა. წმინდა ბარბარე არის ბავშვების მფარველი. მინდა, საქართველოში ყველა ბავშვს ვუსურვო ის, რასაც ბავშვობა ჰქვია, ვუსურვო, სითბოში გაზრდილიყვნენ და ჰქონოდეთ ბედნიერი ბავშვობა", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა სირიაში, კერძოდ ალეპოში არსებულ მდგომარეობას და აღნიშნა, რომ საქართველო იქ ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას ცდილობს.

"ჩვენ ვცდილობთ, გაეროს ოფისის მეშვეობით, როგორმე, რაიმე არხით, მივაწვდინოთ ჰუმანიტარული დახმარება იქ ძალიან დიდ განსაცდელში მყოფ ბავშვებს. ვფიქრობ, ეს ძალიან მადლიანი საქმე იქნება და ვეცდებით, ეს აუცილებლად გავაკეთოთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის ზარები დღეს პირველად დაირეკა. პარაკლისს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები დაესწრნენ.