საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა ავსტრიის ელჩთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს არად ბენკოს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის კუთხით არსებულ დინამიკას. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ბოლო წლებში ჩამოყალიბდა მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და სხვა სფეროებში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ავსტრიის ელჩმა იმედი გამოთქვეს, რომ თბილისში ავსტრიის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურთიერთობების, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს. არად ბენკოს განცხადებით, სულ უფრო და უფრო იზრდება ავსტრიელი ბიზნესმენების დაინტერესება საქართველოთი.

მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით მიღწეულ წარმატებაზე.

ავსტრიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ავსტრიის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ევროპული მისწრაფებების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური