საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერი შოთა რუსთაველის დღის დაწესების ინიციატივით გამოვიდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-09

კარგი იქნებოდა, დაგვეწესებინა შოთა რუსთაველის დღე, რომელიც ყოველწლიურად გახდებოდა პოეზიის, ჰუმანიზმის ზეიმი და კულტურული მიმართულებით საქართველოს წარმოჩენის კიდევ ერთი ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

პრემიერმა ამ საკითხზე მუშაობის თხოვნით მიმართა კულტურისა და განათლების მინისტრებს, რომლებმაც ამ მიმართულებით მეტი კონკრეტიკა საზოგადოებას მთავრობის მომავალი სხდომისთვის უნდა შესთავაზონ.

მთავრობის მეთაურის თქმით, შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილესთან დაკავშირებით, არაერთი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, თუმცა, საარჩევნო პროცესისა და გრძელვადიანი წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა იუბილეს აღნიშვნა ისეთ დონეზე, როგორც ეს ყველასთვის ძალიან საამაყო კულტურულ მოღვაწეს შეეფერებოდა.

„შოთა რუსთაველის დღის დაწესება იქნებოდა ძალიან კარგი ასევე ახალგაზრდა თაობისთვის, ვინაიდან არ მჭირდება ალბათ იმაზე ბევრი საუბარი, რა უზომოდ ბევრი განზომილება გააჩნია შოთა რუსთაველის ფენომენს საქართველოსთვის და მთლიანად კაცობრიობისთვის. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ამას მივცემთ უკვე ფორმალიზებულ სახეს", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური