საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიქალის ქვის და ხე-ტყის მიღების წესი მარტივდება ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-09

თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე ფიქალის ქვის და ხე-ტყის მიღების წესი მარტივდება, - შესაბამისი ცვლილებების პაკეტს, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტრომ მოამზადა, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ცვლილებები 2017 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.
გიორგი კვირიკაშვილმა თუშეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიხსენა, როდესაც მათ გამოთქვეს წუხილი, რომ საცხოვრებელი სახლის გაფართოების თუ ახალი ობიექტების აშენებისას, მნიშვნელოვან ბიუროკრატიასთან შეჯახება უწევდათ.
„ამიტომ დღეს, გარემოს დაცვის სამინისტრო შემოდის ინიციატივით, რათა ეს პრობლემა მოგვარდეს. ეს არის ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის 1-ლი იანვრიდან, თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე მოსახლეობას და სხვა დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა ფიქალის ქვა და ხე-ტყე მიიღონ გამარტივებული წესით, მოკლე ვადაში და ხელმისაწვდომ ფასად. რა თქმა უნდა, ეს პროცესი უნდა იყოს ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ, რათა ჩვენ თავიდან ავიცილოთ ამ გადაწყვეტილების ბოროტად გამოყენება. მეორეს მხრივ, აუცილებელია ამ პროცესის გამარტივება, რათა ის ისტორიული იერსახე, რომელიც საცხოვრებელ სახლებს თუ მცირე სასტუმროებს აქვს დღეს თუშეთში, შევინარჩუნოთ და ამავე მოდელით განვავითაროთ თუშეთის, როგორც საცხოვრებელი, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურა", - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური