საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

EIB საქართველოს 450 მილიონი ევროს დაფინანსებას გამოუყოფს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-12-09

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს, საავტომობილო ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და აგრომრეწველობის განვითარების მიზნით, 450 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას გამოუყოფს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, იან ვაპავუორის შეხვედრისას აღინიშნა. პრემიერის განცხადებით, EIB-ის მიერ გამოყოფილ დაფინანსებას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იქიდან გამომდინარეც, რომ სივრცითი მოწყობა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. დაფინანსების უდიდეს მნიშვნელობას გაუსვა ხაზი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ის საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

საუბარი შეეხო საინვესტიციო პროექტებს, რომლებიც საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პრემიერის შეფასებით, მისასალმებელია EIB-ის რეგიონული ოფისის ფუნქციონირება საქართველოში, რაც ბანკის საინვესტიციო საქმიანობისა და ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს. შეხვედრის შემდეგ, ევროპის საინვესტიციო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის, დაფინანსების გამოყოფის შესახებ, ხელშეკრულებები გაფორმდა. დოკუმენტებს ხელი EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა იან ვაპავუორიმ და საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური