საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ევროკავშირი საქართველოს 30 მილიონი ევროს გრანტს გამოუყოფს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-10-27

ევროკავშირი, საქართველოს, საჯარო მმართველობის რეფორმირებისთვის, 30 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გამოუყოფს, - ხელშეკრულების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ხვალ დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებენ.

როგორც მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მმართველობის რეფორმა ხელისუფლების რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ამ კუთხით ევროკავშირის სპეციალური დახმარება მისასალმებელია.

„ეს ხაზს უსვამს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში ევროპული ტიპის მმართველობითი ინსტიტუციების ჩამოყალიბება. ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევის გაწევა მოგვიხდება ამ მიმართულებით, რათა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად შესრულდეს და საქართველოს ჰქონდეს ისეთი მმართველობა, რომელიც ითვალისწინებს ევროპულ კანონმდებლობას, ევროპულ რეგულაციებს და მმართველობის პროცესში თითოეული მოქალაქის ჩართულობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური