საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი სამთავრობო ცვლილებებზე ამოსაბეჭდი ვერსია

2016-10-26

ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მიმდინარეობს კონსულტაციები მინისტრთა კაბინეტთან მთავრობის ოპტიმიზაციის თაობაზე.

"სჯობს, დავიცადოთ არჩევნების დასრულებამდე. მოგეხსნებათ, 30 ოქტომბერს უნდა გაიმართოს არჩევნების მეორე ტური. მინდა, მოსახლეობას შევახსენო, რომ არჩევნები არ დასრულებულა და ძალიან მნიშვნელოვანი მეორე ტური გვაქვს 30 ოქტომბერს. შემდგომ უკვე იქნება გარკვეული პერიოდი საიმისოდ, რომ პარლამენტში წარსდგეს მთავრობა და არ არის გამორიცხული გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს სამინისტროების მიმართულებითაც. ეკონომიკური ბლოკის სამინისტროების შერწყმა არ იგეგმება, მაგრამ მცირედი ცვლილებები იქნება. ვაგრძელებთ კონსულტაციებს მინისტრთა კაბინეტთან," - აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

გიორგი კვირიკაშვილი კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ ფაქტსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, მიმდინარეობს გამოძიება, რომლის შედეგები საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.

"კრწანისში მოხდა ძალიან სამწუხარო ინციდენტი. მოგეხსენებათ, რომ სამხედრო ობიექტებს გააჩნიათ დაცვის ძალიან მკაცრი წესები და იმ სამხედროებს, რომლებიც იცავენ სამხედრო ობიექტს, აქვთ ძალიან მკაცრად გაწერილი ინსტრუქციები. ჯარისკაცი მოქმედებდა მთლიანად ამ ინსტრუქციების შესაბამისად, ამიტომ ამ მიმართულებით შეკითხვები გამორიცხულია. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი ალტერნატიული გამოძიებისთვის გავხსნათ კარი. მოხდა ძალიან სამწუხარო ფაქტი, ახალგაზრდა დაიღუპა. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ გამორიცხულია რაიმე შეკითხვა ამ ფაქტთან მიმართებაში, რადგან სამხედრო ობიექტებს აქვთ დაცვის მკაცრი წესები და ყველამ უნდა იცოდეს, რომ მისი დარღვევა არის ძალიან საფრთხილო. მე პირადად დეტალებში შევისწავლე ეს საკითხი და ჩემი აზრი გახლავთ ის, რომ სამხედროები მოქმედებდნენ მკაცრად გაწერილი ინსტრუქციების თანახმად," - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური