საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

თბილისობა 2016 ამოსაბეჭდი ვერსია

2016-10-15

თბილისი ტრადიციულ დღესასწაულს - „თბილისობა 2016"-ს აღნიშნავს. რიყეზე მიმდინარე საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის წევრებთან და თბილისის მერთან ერთად დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა თბილისელებს დღესასწაული მიულოცა და ყველას მოუწოდა, მიიღონ მონაწილეობა საზეიმო ღონისძიებებში.

„გილოცავთ თბილისობის დღესასწაულს! წლევანდელ დღესასწაულზე უამრავი სიახლეა. ძალიან ბევრი ადამიანია გამოსული ოჯახებთან, ბავშვებთან ერთად. სოფლის კოოპერატივებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი პროდუქცია ჩამოეტანათ აქ. თბილისობის დღესასწაული კარგ ტრადიციად იქცა. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველას, ვუსურვო ხვავი და ბარაქა. შემოდგომა არის ხვავისა და დოვლათის სიმბოლო და სწორედ ასეთი ბარაქა, ბარაქა, მშვიდობა და კეთილდღეობა მინდა, ვუსურვო ყველა ოჯახს. განსაკუთრებით ვულოცავ თბილისელებს და ყველას მოვუწოდებ, გამოვიდნენ და ისიამოვნონ ამ შესანიშნავი დღესასწაულით," - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რიყის პარკი ორი დღით საბავშვო ქალაქად გადაიქცა. „თბილისობა 2016"-ის პატარა სტუმრებს შეუძლიათ, მოინახულონ საბავშვო თეატრი და ქვიშის ქალაქი, სადაც მხიარული შეჯიბრებები, საბავშვო დისკოთეკა და სხვა სახალისო აქტივობები ტარდება. პარკში მოწყობილია რაგბის, მინი გოლფის, კალათბურთისა და ფეინთბოლის მოედნები. რიყის პარკის ქვედა ტერასაზე განთავსებულია კულინარიის ქუჩა, სადაც გურმანებს ქართული და უცხოური სამზარეულოს დაგემოვნება შეუძლიათ. სადღესასწაულო ღონისძიებები ასევე იმართება ლეღვთახევსა და „ახალ ტფილისში."

„თბილისობა 2016"-ის ფარგლებში, ევროპის მოედანზე მასშტაბური სკულპტურა „სიცოცხლის ხე" დაიდგა. 9-მეტრიანი სკულპტურული კომპოზიცია ძველი თბილისის თემატიკაზეა შექმნილი. პროექტი მოქანდაკე დავით მონავარდისაშვილის ავტორობითა და თბილისის მერიის ინიციატივით განხორციელდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური