საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-29

თუკი ვინმე დაინტერესებულია, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად და გამჭვირვალედ, ეს არის პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოში წინასაარჩევნო პროცესი მშვიდ და სტაბილურ გარემოში მიმდინარეობს, რასაც ადასტურებენ საერთაშორისო დამკვირვებლები.

"ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ ხანგრძლივი, ოთხთვიანი წინასაარჩევნო პერიოდი, მოვიწვიეთ რაც შეიძლებოდა მეტი დამკვირვებელი, რომლებიც აკვირდებიან მთელ წინასაარჩევნო პროცესს და ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი აცხადებს, რომ საქართველოში არის უპრეცედენტოდ მშვიდი წინასაარჩევნო პროცესი. რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობა ცდილობს რაღაცას მიაღწიოს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მათ არა აქვთ ხალხის მხარდაჭერა. ხალხს სჭირდება სტაბილურობა და რაც არ უნდა მცდელობა ჰქონდეს ნაციონალურ მოძრაობას, მათ არაფერი გამოუვათ. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალა, ჩაატაროს დემოკრატიული, ევროპული, გამჭვირვალე არჩევნები და ყველანაირი დესტაბილიზაცია არის გამორიცხული, მიუხედავად მათი რეალური მცდელობებისა, რომელსაც ყველანი ვხედავთ," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დიდი რაოდენობის იარაღისა და საბრძოლო მასალის ამოღების შესახებ. გიორგი კვირიკაშვილმა წარმატებული ოპერაციისათვის სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან წარმატებული, კომპლექსური ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა სამართალდამცავმა სტრუქტურამ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური