საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ახალი კლინიკა დედოფლისწყაროში ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-24

დედოფლისწყაროში 25 საწოლზე გათვლილი, უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი მრავალპროფილიანი კლინიკა გაიხსნა. ახლადაშენებული საავადმყოფო დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, დაათვალიერა.
დავით სერგეენკოს განმარტებით, ახალი სამედიცინო დაწესებულება სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. კლინიკაში იფუნქციონირებს ლაბორატორია, სადაც ყველა ტიპის ანალიზის გაკეთება იქნება შესაძლებელი. მისივე თქმით, დედოფლისწყაროს კლინიკაში ძირითადად დასაქმდნენ ექიმები, რომლებსაც ამ დრომდე ძველ, ამორტიზებულ შენობაში უწევდათ მუშაობა, ასევე მიმდინარეობს ახალი კადრების შერჩევა. სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდა ტრენინგები.

პრემიერ-მინისტრმა კლინიკის თანამშრომლებს ახალ, თანამედროვე ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გაგრძელება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ კლინიკა მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას გაუწევს დედოფლისწყაროსა და ირგვლივ მდებარე სოფლების მაცხოვრებლებს.

სამედიცინო დაწესებულება ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და ამ პროგრამით მოსარგებლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან, როგორც გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული, ისე სხვადასხვა პროფილის სტაციონარული მომსახურებით.
კლინიკა სახელმწიფო ხარჯებით აშენდა, სულ მშენებლობაზე 3 525 000 ლარი დაიხარჯა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური