საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

„სოლიდარობის ფონდის“ შესახებ გაეროში ღონისძიება გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-22

საქართველოს სოლიდარობის ფონდი, როგორც ინოვაციური დაფინანსებისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის ყველაზე მსხვილი ეროვნული პლატფორმა იყო მაღალი რანგის ღონისძიების მთავარი თემა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის პარალელურად, საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა. გიორგი კვირიკაშვილმა სოლიდარობის ფონდის ძირითად მიზნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფონდმა, ინოვაციური დაფინანსების სხვადასხვა მიმართულების ფარგლებში, საჯარო მოხელეთა 20 პროცენტზე მეტი და 27 კერძო კომპანია გააერთიანა, რის შედეგადაც საქართველოში სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა და მოზარდთათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დაფინანსების ნაკლებობა დაიფარა.

გარდა ამისა, პრემიერის თქმით, 2015 წელს საქართველო შეუერთდა ინოვაციური დაფინანსების წამყვან ჯგუფს, რომელიც მოქმედებს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით და აქტიურად ჩაერთო გლობალურ დიალოგში ინოვაციურ დაფინანსებასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურმა თბილისში გამართული ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმი (TISIFF 2015) გაიხსენა და ის მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების სფეროში მსოფლიოში არსებული ცოდნის კონსოლიდაციის პირველ მცდელობად შეაფასა.

"TISIFF 2015-ის დელეგატებმა განიხილეს გლობალური ინოვაციური დაფინანსების სფეროში შეძენილი გამოცდილება და მისი პერსპექტივები, ასევე სოლიდარობის ეროვნული ინიციატივები საფრანგეთის, საქართველოს, მალისა და ტუნისის მაგალითებზე. ჩვენთვის დიდი პრივილეგია იყო ინოვაციური დაფინანსების გლობალური მასშტაბის ქომაგის, ბატონი დუსტ-ბლაზის და ბატონი გლემარეკის მასპინძლობა, რომლებიც თბილისის ფორუმში, მაღალი რანგის გამომსვლელთა და სპეციალური სტუმრების სტატუსით მონაწილეობდნენ. დღეს ჩვენ წარმოვადგენთ თბილისის ფორუმის რეკომენდაციებს, რომლებიც ეფუძნება დელეგატებს შორის გამართულ დისკუსიებს და ისეთი მთავარი საერთაშორისო კონფერენციების ფართო კონტექსტს, როგორიცაა 2002 წლის მონტერეის კონსენსუსი და 2008 წლის დოჰას და 2015 წლის ადის-აბებას დეკლარაციები. TISIFF-ის რეკომენდაციებში ასახულია ახალი პოტენციური პლატფორმებისა და ინოვაციური დაფინანსების წყაროების კატეგორიზაციისა და პრიორიტეტიზაციის ერთიანი ხედვა, რომლებიც დაგვეხმარება 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე არსებული დაფინანსების დეფიციტის აღმოფხვრაში. მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე არსებული დაფინანსების ნაკლებობა შეადგენს 37,5 ტრილიონ დოლარს (2,5 ტრილიონი წელიწადში), ხოლო სახელისუფლო დაფინანსება და განვითარების ოფიციალური დახმარება, ამ დეფიციტის შესავსებად საკმარისი არ იქნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ამ კონტექსტში ინოვაციურმა დაფინანსებამ, ადგილობრივი ფინანსების ნაკადებთან, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და განვითარების ოფიციალურ დახმარებასთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო სიამაყით წარმოადგენს სამოქმედო გეგმას, რომელშიც აღწერილია გლობალურ, რეგიონულ და ეროვნულ დონეებზე ინოვაციური დაფინანსებისთვის ადვოკატირებისა და პარტნიორობის მობილიზაციის გაღრმავების გზები.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ინოვაციურ დაფინანსებაზე მზარდმა კონცენტრირებამ შეიძლება შეასრულოს გადამწყვეტი როლი ფინანსური რესურსების მობილიზაციასა და მდგრადი განვითარების კონკრეტული მიზნების მიღწევაში. ინოვაციური დაფინანსების წარმატება ეჭვს არ იწვევს, რასაც მოწმობს ისეთი ინიციატივები, როგორიცაა - UNITAID, Product (Red) და GAVI, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ათასწლეულის განვითარების ისეთი მიზნების მიღწევაში, როგორიცაა შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლა და შესაბამისი იმუნიზაციის უზრუნველყოფა. ვიმედოვნებთ, საერთაშორისო საზოგადოება გამოიყენებს ინოვაციური დაფინანსების ახალ წარმატებულ პლატფორმებს და წყაროებს, რათა მომდევნო 14 წლის განმავლობაში, მდგრადი განვითარების კიდევ უფრო ამბიციურ მიზანს მიაღწიოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ღონისძიების სტუმრებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თბილისში გამართული ინოვაციური დაფინანსების საერთაშორისო ფორუმის რეკომენდაციები, როგორც სახელმძღვანელო დოკუმენტი, სასარგებლო იქნება ინოვაციური დაფინანსების სფეროში შემდგომი გლობალური ზომების მისაღებად.

პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა მარიამ ჯაშს, საქართველოში ინოვაციური დაფინანსების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, რამაც ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უმაღლესი პოლიტიკური მხარდაჭერის როლი, სოლიდარობის ფონდის იდეის განხორციელებაში.
ღონისძიებას, რომელიც ინოვაციური დაფინანსების წამყვან ჯგუფთან, გაეროს ქალთა ფონდსა და საქართველოს სოლიდარობის ფონდთან პარტნიორობით, საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობების ორგანიზებით გაიმართა, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, ფილიპ დუსტ-ბლაზი და გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწე იანიკ გლემარეკი, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური