საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა დონალდ ტუსკთან და ფედერიკა მოგერინისთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-22

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მხარს უჭერენ. ამის შესახებ მათ ნიუ-იორკში, დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ისაუბრეს.

გიორგი კვირიკაშვილმა მათ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება, ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირთან ურთიერთობის დინამიკურ განვითარებას მიესალმება.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი შეუქცევადია, ხოლო ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისადმი ერთგულებას, ასოცირების შეთანხმების ეფექტური იმპლემენტაციის პროცესიც ადასტურებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები დადებითად შეაფასეს.

საუბარი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო. პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს არჩევნების საერთაშორისო, დემოკრატიული, სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას და, პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის მიზნით, არჩევნებზე რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო დამკვირვებელს იწვევს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური