საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბელგიელ კოლეგას შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-21

2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და ამ გზაზე საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრეს.

ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივაზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე და აღინიშნა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ეკისრებათ სავაჭრო-სამრეწველო გაერთიანებებსა და კერძო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს.

მხარეებმა ამ მიმართულებით წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასეს ბელგიელი ბიზნესმენების ვიზიტი საქართველოში, რომელიც, ვალონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, 2016 წლის ნოემბერში იგეგმება.
ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ საქართველომ, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი შეასრულა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბელგიელ კოლეგას, ნატო-ს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ბელგიის სამეფოს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

ბელგიის სამეფოს პრემიერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. გიორგი კვირიკაშვილმა შარლ მიშელი საქართველოში მიიწვია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური