ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტის პრეზენტაცია ამოსაბეჭდი ვერსია

2016-09-16

საქართველოს მასშტაბით დაპროექტდება და დაიგება რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელები - ქვეყნის ხერხემალი, რომელიც ყველა რეგიონს გააძლიერებს და მჭიდროდ დააკავშირებს ერთმანეთთან; გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება ბარიერი ბიზნესის წარმოებისთვის, ცხოვრებისა და გადაადგილებისთვის, - ამ ყველაფერს ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტი ითვალისწინებს.
მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ყველაზე მასშტაბური კომპონენტის პრეზენტაცია დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამართა.

მთლიანობაში, 2020 წლის ჩათვლით დაგეგმილია 1000 კმ-მდე საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს, მათ შორის იგეგმება 550 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა, ასევე, 800 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია.
იგეგმება 300-მდე სახიდე გადასასვლელის და 50 საავტომობილო გვირაბის მშენებლობა.
სივრცითი მოწყობა ასევე ითვალისწინებს რკინიგზის სადგურების, პორტებისა და აეროპორტების აშენებას და რეაბილიტაციას, არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და ახლის შექმნას.

„საქართველოს აქვს რესურსი, გახდეს ეკონომიკურად მიმზიდველი და დიდი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა, რისთვისაც საჭიროა მისი არსებული მდგომარების რაციონალური და ერთიანი, როგორც ქვეყნის, გააზრება და სწორი სივრცითი დაგეგმვა და განვითარება; რეგიონებში მეტი ჟანგბადის, მეტი სისხლის მიწოდება და ერთნაირი შესაძლებლობების შექმნა, მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობისა. ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, შევქმნათ პირობები, რომ ხალხი დაუბრუნდეს მთას, სოფლებს და იქ შექმნას მატერიალური დოვლათი, რომელიც ადგილობრივ პირობებზე იქნება მორგებული და რა თქმა უნდა, საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნებზე ორიენტირებული. ყველა რეგიონის მოსახლეობისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ისეთი სერვისები, როგორიც არის ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა და სოციალური ინფრასტრუქტურა, ხელი უნდა შეეწყოს მოსახლეობის დასაქმებას მშობლიურ რეგიონებში, ტურისტებს უნდა შეეძლოთ შეფერხების გარეშე ჩასვლა ყველა რეგიონში და საქართველოს ყველა რაიონი უნდა გადავაქციოთ ოთხსეზონიან საკურორტო მიმართულებად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში აპრობირებული გზით - ინსტრუმენტით, რომელსაც ქვეყნის სივრცითი მოწყობა ჰქვია.
სივრცითი მოწყობის ფუნქციაა - უზრუნველყოს სივრცის რაციონალური, მდგრადი და დაბალანსებული დაგეგმვა. წაახალისოს ინტეგრაცია ისეთ სექტორებს შორის, როგორიცაა ბინათმშენებლობა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა და მრეწველობა, და ასევე მოახდინოს საქალაქო და სოფლის რეგიონების კავშირების გაუმჯობესება.

პრემიერის შეფასებით, სწორედ ამ ინსტრუმენტის საშუალებით იქნება შესაძლებელი ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური სარგებლის მიღება, ინვესტიციისა და განვითარებისთვის უფრო სტაბილური და გათვლადი პირობების შედგენა, რაც თავის მხრივ განვითარების გარანტიას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას და ხელს უწყობს მიწისა და ბუნებრივი რესურსების გონივრულ, რაციონალურ გამოყენებას.

„კომპლექსური მიდგომით, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით და ანალიზის საფუძველზე ყალიბდება ხედვა, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიული სამოქმედო გეგმები, დემოგრაფიის, სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, ტექნოლოგიების, განათლების და, რაც მთავარია, საქართველოს რეგიონების სპეციფიკის გათვალისწინებით. უცხოელი ექსპერტების ჩართულობით უკვე მიმდინარეობს მუშაობა სივრცითი მოწყობის მიმართულებით, ტერიტორიების და კურორტების გენერალური გეგმების შემუშავება, მთელი ქვეყნის სივრცითი მოწყობის გააზრება და შემდგომი განვითარება. საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს ქვეყნის სივრცითი მოწყობის სქემის შექმნაზე. ამ რეფორმის ფარგლებში, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიქმნას ახალი სატრანსპორტო არტერიები. საქართველოს აქვს სრული პოტენციალი, ჩამოყალიბდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად. ამ კონტექსტში უდიდესი როლი ენიჭება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით განვითარებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, არსებული საავტომობილო გზები, ავტობანების არსებული მონაკვეთები, საქართველოზე გამავალი ტრანზიტული კორიდორები თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი, აშენდება ახალი გზები შეიკვრება ერთიანი ჩონჩხი, რომელიც ქვეყანას ახალ სიცოცხლეს მიანიჭებს, ყველა რეგიონს გახდის სიცოცხლისუნარიანს, ცხოვრებისთვის ვარგისს და ყველა რეგიონში თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი აუცილებელი პირველადი ინფრასტრუქტურა.სივრცითი მოწყობის პრეზენტაცია

მოგესალმებით!
დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა!
ჩვენ დღეს რეფორმების 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილის - სივრცითი მოწყობის რეფორმას წარმოვადგენთ!
ეს არის ჩვენი ქვეყნის თანამედროვე მოწყობის ხედვა, რომელსაც ახლავს კონკრეტული გეგმა!

- ეს ჩვენი ქვეყანაა, საქართველო
- 70 000 კვადრატულ კილომეტრზე ვცხოვრობთ 3,72 მლნ ადამიანი. ტერიტორიითა და სიმჭიდროვით მსგავსება გვაქვს ისეთ ქვეყნებთან როგორიც არის: ირლანდია, ლატვია, ლიტვა, ხორვატია.
- ქვეყნის შიგნით სიმჭიდროვის მახასიათებლები ძალიან განსხვავებულია. მაგალითად თბილისში 1 კვ.კმ-ზე - 2207 მცხოვრები მოდის, ხევსურეთში კი - ერთი, მთელს თუშეთში კი ზამთარში მხოლოდ 30 ადამიანი რჩება - აქ არანაირ სიმჭიდროვეზე საუბარი არ არის.
- ქვეყნის ტერიტორიის 20% მოგეხსენებათ, ოკუპირებულია, 60% უნიკალური შესაძლებლობების მთიანი რეგიონებია, სადაც მხოლოდ მოსახლეობის მხოლოდ 5% ცხოვრობს. ქალაქების ტერიტორიები გადატვირთულია, ხოლო სოფლებში მოსახლეობის რაოდენობა კლებულობს;

ჩვენი ქვეყნის ტერიტორია მდიდარია ბუნებრივი პირობებით და რესურსებით, ისტორიული წარსულით და კულტურული მემკვიდრეობით, ევროპისა და აზიის ეკონომიკურ ბაზრებთან სიახლოვითა და ადგილმდებარეობით, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ნიჭიერი ადამიანებით.

საქართველოს აქვს რესურსი, გახდეს ეკონომიკურად მიმზიდველი და დიდი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა, რისთვისაც საჭიროა მისი არსებული მდგომარების რაციონალური და ერთიანი, როგორც ქვეყნის, გააზრება და სწორი სივრცითი დაგეგმვა და განვითარება; რეგიონებში მეტი ჟანგბადის, მეტი სისხლის მიწოდება და ერთნაირი შესაძლებლობების შექმნა, მიუხედავად გეოგრაფიული მდებარეობისა. ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, შევქმნათ პირობები, რომ ხალხი დაუბრუნდეს მთას, სოფლებს და იქ შექმნას მატერიალური დოვლათი, რომელიც ადგილობრივ პირობებზე იქნება მორგებული და რა თქმა უნდა, საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნებზე ორიენტირებული. ყველა რეგიონის მოსახლეობისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ისეთი სერვისები, როგორიც არის ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა და სოციალური ინფრასტრუქტურა, ხელი უნდა შეეწყოს მოსახლეობის დასაქმებას მშობლიურ რეგიონებში, ტურისტებს უნდა შეეძლოთ შეფერხების გარეშე ჩასვლა ყველა რეგიონში და საქართველოს ყველა რაიონი უნდა გადავაქციოთ ოთხსეზონიან საკურორტო მიმართულებად.
ამის მიღწევა შესაძლებელია მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში აპრობირებული გზით - ინსტრუმენტით, რომელსაც ქვეყნის სივრცითი მოწყობა ჰქვია.

სივრცითი მოწყობის ფუნქციაა - უზრუნველყოს სივრცის რაციონალური, მდგრადი და დაბალანსებული დაგეგმვა. წაახალისოს ინტეგრაცია ისეთ სექტორებს შორის, როგორიცაა ბინათმშენებლობა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, ენერგეტიკა და მრეწველობა, და ასევე მოახდინოს საქალაქო და სოფლის რეგიონების კავშირების გაუმჯობესება.

სწორედ ამ ინსტრუმენტის საშუალებით იქნება შესაძლებელი ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური სარგებლის მიღება, ინვესტიციისა და განვითარებისთვის უფრო სტაბილური და გათვლადი პირობების შედგენა, რაც თავის მხრივ განვითარების გარანტიას აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას და ხელს უწყობს მიწისა და ბუნებრივი რესურსების გონივრულ, რაციონალურ გამოყენებას.

კომპლექსური მიდგომით, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით და ანალიზის საფუძველზე ყალიბდება ხედვა, მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი სტრატეგიული სამოქმედო გეგმები, დემოგრაფიის, სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის, ტექნოლოგიების, განათლების და, რაც მთავარია, საქართველოს რეგიონების სპეციფიკის გათვალისწინებით.
უცხოელი ექსპერტების ჩართულობით უკვე მიმდინარეობს მუშაობა სივრცითი მოწყობის მიმართულებით, ტერიტორიების და კურორტების გენერალური გეგმების შემუშავება, მთელი ქვეყნის სივრცითი მოწყობის გააზრება და შემდგომი განვითარება. საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს ქვეყნის სივრცითი მოწყობის სქემის შექმნაზე.
ამ რეფორმის ფარგლებში, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიქმნას ახალი სატრანსპორტო არტერიები!


საქართველოს აქვს სრული პოტენციალი ჩამოყალიბდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად. ამ კონტექსტში უდიდესი როლი ენიჭება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით განვითარებას.

საქართველოს მასშტაბით დაპროექტირდება და დაიგება რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელები. ეს იქნება ქვეყნის ხერხემალი, რომელიც ყველა რეგიონს გააძლიერებს და მჭიდროდ დააკავშირებს ერთმანეთთან. გეოგრაფიული მდებარეობა აღარ იქნება ბარიერი ბიზნესის წარმოებისთვის, ცხოვრებისა და გადაადგილებისთვის.

ძირითადი მიზანია, არსებული საავტომობილო გზები ავტობანების არსებული მონაკვეთების, საქართველოზე გამავალი ტრანზიტული კორიდორების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, ახალი გზების დამატება და ერთიანი ჩონჩხის შეკვრა, რომელიც ქვეყანას ახალ სიცოცხლეს მიანიჭებს, ყველა რეგიონს გახდის სიცოცხლისუნარიანს, ცხოვრებისთვის ვარგისს და ყველა რეგიონში თანაბრად იქნება ხელმისაწვდომი აუცილებელი პირველადი ინფრასტრუქტურა.

უახლოეს 4 წელიწადში ჩვენ ვგეგმავთ შემდეგი ინფრასტრუქტურის შექმნას:

1. ღერძი 1

აღმოსავლეთ-დასავლეთ დამაკავშირებელი მაგისტრალი და მისი ქვე-მარშრუტები.
აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის დასასრულებლად მომდევნო სამი წლის განმავლობაში აშენდება შემდეგი მონაკვეთები:
• თბილისი-ლაგოდეხის ავტობანი:
 ლაგოდეხი - წნორი - ბაკურციხე (56კმ)
 ბაკურციხე - თბილისი - 80კმ მონაკვეთი,
 გურჯაანის შემოვლითი - თელავი 30კმ-იანი მონაკვეთი;

• ზემო ოსიაური - ჩუმათელეთი - 14 კმ მონაკვეთზე 4 ზოლიანი ავტობანი.

• რიკოთის მონაკვეთი - ჩუმათელეთი-არგვეთა - რიკოთის უღელტეხილზე 2020 წლის ბოლოსთვის აშენდება 4-ზოლიანი 53-კილომეტრიანი ავტობანი, რისთვისაც გაიჭრება 40-მდე გვირაბი და აშენდება 90-მდე ხიდი.

• რიკოთის ავტობანის ალტერნატიულ მარშრუტად განიხილება ხარაგაულის შემოვლითი გზა - ჩუმათელეთი - ხარაგაული - ძირულა (50კმ)
• ზესტაფონი - ქუთაისის - 4-ზოლიანი 15კმ-იანი მონაკვეთი - მიმდინარეობს და დასრულდება 2017 წელს.
• სამტრედია - გრიგოლეთი - აშენდება 51 კმ-იანი 4-ზოლიანი მონაკვეთი, დასრულდება მომავალ ორ წელიწადში;
• გრიგოლეთი - ჩოლოქი 14 კმ-იანი მონაკვეთი - მიმდინარეობს პროექტირება;
• ქობულეთის შემოვლითი გზა - მიმდინარეობს 18 კმ მონაკვეთის მშენებლობა,
• ბათუმის შემოვლითი გზა - 14 კმ-იანი მონაკვეთი;
• ბათუმი (ჭოროხი) - სარფი 11 კმ-იანი მონაკვეთი - მიმდინარეობს პროექტირება;
• ასევე, აშენდება ანაკლიის და ფოთის პორტების ძირითად მაგისტრალებთან დამაკავშირებელი გზები:
 გრიგოლეთი - ფოთის 24 კმ-იანი მონაკვეთი,
 სამტრედია - ზუგდიდის შემოვლითი გზა, ანაკლიის პორტის გათვალისწინებით - 90 კმ.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ძირითადი მაგისტრალის გარდა შენდება თბილისი-წითელი ხიდის და სადახლოს მიმართულება:
 თბილისის შემოვლითი გზა - 55კმ
 რუსთავი - წითელი ხიდი 35 კმ
 რუსთავი - სადახლო 40 კმ
 სამივე პროექტზე მიმდინარეობს პროექტირება

ამ მონაკვეთების აშენებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით ჩვენ მივიღებთ რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვან თანამედროვე სტანდარტების გზას:

 წითელი ხიდი - ანაკლია - მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 სთ-ით.
 წითელი ხიდი - სარფი - მგზავრობის დრო შემცირდება 2 სთ-ით.
 წითელი ხიდი - ფოთი - მგზავრობის დრო შემცირდება 1,5 სთ-ით.
 სადახლო - ანაკლია - მგზავრობის დრო შემცირდება 3 სთ-ით.
 სადახლო- ფოთი- მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 სთ-ით.
 სადახლო - სარფი- მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 სთ-ით.
 ლაგოდეხი - ანაკლია- მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 სთ-ით.
 ლაგოდეხი - ფოთი- მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 სთ-ით.
 ლაგოდეხი-სადახლო - მგზავრობის დრო შემცირდება 1,5 სთ-ით.
მთლიანობაში აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანზე უნდა აშენდეს 730 კმ ახალი გზა. სრულად ყველა გზაზე მშენებლობა დასრულება 2020 წლის ბოლოსთვის. ამჟამად არსებული ორზოლიანი გზების ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებად მოდერნიზაციის შემდგომ გადაადგილების სიჩქარეები საშუალოდ გაიზრდება 80-100%-ით, მგზავრობის დრო შემცირდება საშუალოდ 50%-ით, ხოლო გამტარუნარიანობა გაიზრდება 4-ჯერ.

ჩრდილოეთ-სამხრეთი მიმართულება (ღერძი 2)
ჩვენ გვაქვს მცხეთა-ლარსის გზა, რომელიც არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით განვითარება, ვინაიდან იგი მოგვცემს საშუალებას, გავზარდოთ გამტარუნარიანობა ირანი/აზერბაიჯანი/სომხეთი-საქართველო-რუსეთის მიმართულებით.
დაგეგმილია თბილისი-ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის მშენებლობა, რომლის მეშვეობით შეიკვრება წითელი ხიდი/სადახლო-თბილისი-ლარსის მიმართულება.
აქ მოიაზრება:
 ნატახტარი-ჟინვალი 28 კმ-იანი მონაკვეთი
 ჟინვალი - ლარსი, ქვეშეთი - კობის 20კმ-იანი მონაკვეთი და 5-დან 7კმ-მდე სიგრძის გვირაბი
მთლიანობაში ჩრდილოეთ-სამხრეთ ავტობანს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენებისათვის:

ლაგოდეხი-ლარსი -მგზავრობის დრო შემცირდება 1,5 სთ-ით
ანაკლია-ლარსი -მგზავრობის დრო შემცირდება 2,5 სთ-ით
სარფი-ლარსი - მგზავრობის დრო შემცირდება 3 სთ-ით
ეს არის ძირეული გარდატეხა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის თვისობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებში.

3, ღერძი 3 (ღერძი 3).
სატრანზიტო-სატვირთო საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა ჩვენ ვგეგმავთ ტურისტულად საინტერესო საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას.
როგორც ყველასთვის ცნობილია, საქართველოში მუდმივად იზრდება ტურისტთა რაოდენობა. მხოლოდ წელს ტურისტთა რაოდენობა გაიზარდა 18%-ით წინა წლებთან შედარებით. 2020 წლისთვის, არსებული ტემპით გაგრძელების შემთხვევაში გვეყოლება 8 მლნ ვიზიტორი.

2015 წლის მონაცემებით ტურისტთა თითქმის ნახევარი ეწვევა თბილისს, 40%-ზე მეტი ჩადის აჭარაში, 17% ქვემო ქართლში, მხოლოდ 13 პროცენტი მცხეთა-მთიანეთში და 7 პროცენტი კახეთში. სხვა რეგიონებში საერთო ნაკადის მხოლოდ 2-3 პროცენტი ჩადის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დისპროპორცია აღმოსაფხვრელია და ამისთვის არის ეს რეფორმა, რომ ყველა რეგიონში ტურიზმი გახდეს მიმზიდველი სფერო და მოსახლეობამ მიიღოს საფუძველი ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობის ზრდით.

იმისთვის, რომ შევცვალოთ ეს ვითარება და ტურისტების სტაბილური ნაკადები შევქნათ ყველა რეგიონში, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ტურისტულად საინტერესო ახალი გზების აშენება:

ხულო - ზარზმა 47 კმ-იანი 2-ზოლიანი მონაკვეთი.

ამ მონაკვეთის აშენებით შესაძლებელი იქნება თბილისიდან წალკის, ნინოწმინდა, ახალქალაქის-ასპინძის და გოდერძის უღელტეხილის გავლით, ზემო აჭარაში მოხვედრა და იქიდან ბათუმში გადასვლა. ამ მარშრუტის სიახლოვეს განლაგებულია ულამაზესი ტბები - ფარავნის და საღამოს ტბა, ფოკის და ზარზმის მონასტრები, სამცხე-ჯავახეთის ძეგლები როგორიცაა საფარა, რაბათი, ვარძია, ხერთვისი. ამავე გზით შესაძლებელი იქნება გოდერძის სათხილამურო კურორტზე ასვლა და 1,5 საათში ბათუმში შავი ზღვის სანაპიროზე გასვლა.
ახალი გზა გააუმჯობესებს სხვადასხვა ტურისტული ადგილების მისაწვდომობას, რაც უდაოდ გამოიწვევს აღნიშნულ ადგილებში ახალი შეთავაზებების გაჩენას; ინვესტიციების მოზიდვას; შიდა და საერთაშორისო ტურისტული ნაკადის ზრდას და ყოველივე აქედან გამომდინარე - ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას.

2. ღერძი 4 - კიდევ ერთი ჰორიზონტალური ღერძი - ლაგოდეხი-გაგრა

მოგეხსენებათ, საქართველოს ისტორიული ტერიტორიები ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ძალიან აქტიური, კონკრეტული ნაბიჯები შერიგების პროცესის დასაჩქარებლად. ჩვენ გვჯერა, ეს ჰორიზონტალური მაგისტრალიც რეალობა გახდება და რამდენადმე გაზრდის საქართველოს მთიანი რეგიონების ხელმისაწვდომობას და ცხოვრების დონეს, ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ეს იქნება ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი 38-კილომეტრიანი გზა და 6 კმ გვირაბი. ამ გვირაბის აშენების შემდეგ, უკვე შესაძლებელი გახდება, დასავლეთიდან აღმოსავლეთის უკიდურეს წერტილამდე, მთიანი რეგიონების გავლით მოგზაურობა. მიმდინარეობს დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები. ამ გზის და გვირაბის აშენების შემთხვევაში სვანეთი აღარ იქნება მხოლოდ ზაფხულის მიმართულება. შესაძლებელი გახდება სვანეთში მგზავრობა ზამთარშიც და უამინდობაშიც, რაც გააუმჯობესებს სვანეთის მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს და გაზრდის სვანეთის მიმზიდველობას ტურისტებისთვის. ეს კი გაზრდის ტურისტთა რაოდენობას წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს და მესტიის და უშგულის გარდა დატვირთავს სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტებს - თეთნულდს და ჰაწვალს. ბუნებრივია, შედეგად სვანეთში უნდა ველოდოთ ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას, ახალ ინვესტიციებს და რაც მთავარია, ახალ სამუშაო ადგილებს.

ამავე ღერძის შესაკვრელად ასაშენებელი გვექნება დუშეთი-ახალგორი-ცხინვალის გზის მონაკვეთი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ამ გზის ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, მაგრამ ჩვენ გვჯერა, დადგება დრო, როდესაც შერიგების პროცესის შედეგად, შევძლებთ, სრულად ჩავრთოთ ეს ინფრასტრუქტურა ქვეყნის მშენებლობის და განვითარების პროცესში.

3. ღერძი 5 - ყარსი-ნინოწმინდა - ჯავა - ამ ღერძის პრაქტიკულად ყველა მონაკვეთი არსებობს. ოკუპაციის პრობლემის გამო შეუძლებელია ამ მონაკვეთების სრულად გამოყენება.

4. ღერძი 6 - ასევე ძალიან საინტერესო და პერსპექტიული ღერძი - ახალციხე - მესტია
ეს მარშრუტი ხელმისაწვდომი გახდება ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის და გვირაბის და ასევე ბაღდათი - აბასთუმანი 60კმ-იანი ახალი მონაკვეთის აშენების შედეგად. ამ გზის სრულად ამოქმედების შემდეგ, ქუთაისი, შესაძლოა, პოტენციურად გახდეს თბილისის მნიშვნელობის ქალაქი - ფუნქციონალურად, ურბანულად განვითარდეს იმ დონემდე, რომ გახდეს ისეთივე მიმზიდველი, როგორც არის თბილისი, ცხოვრების თვალსაზრისით. ეს არის აბსოლუტური რეალობა, ვინაიდან, ამ მიმართულებით განსაკუთრებულ ძალისხმევას ვგეგმავთ. ქუთაისის აეროპორტში, სექტემბრის ბოლოდან, ჩაირთვება 7 ახალი რეისი ევროპის მიმართულებით და წვდომა ქუთაისისადმი გახდის მას კიდევ უფრო საინტერესოს ტურისტებისთვის, ბიზნესისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის. ახალი უნივერსიტეტი, სტუდენტური ქალაქი, რომელიც 60 ათას სტუდენტზე იქნება გათვლილი და აშენდება ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთიათად გაზრდის ქუთაისისადმი ინტერესს და მისი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ურბანული ცენტრის მნიშვნელობას.

5. ღერძი 7 - შავი ზღვის ღერძი - სარფი-გაგრა.
ეს გზა, შემოვლითი გზით შემოუვლის რამსარის ტერიტორიას, ვინაიდან, გარემოს დაცვა ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ეს ღერძი შეიკვრება ბათუმის, ქობულეთის შემოვლითი გზების, ჩოლოქი-გრიგოლეთი-ფოთის და სენაკი-ანაკლიას გზების აშენების შემდეგ. ჩვენ გვჯერა, დადგება დრო, როდესაც ამ გზის აფხაზეთის მონაკვეთი ასევე ჩაერთვება ქვეყნის მშენებლობისა და განვითარების ამ დიდ მანქანაში, რომლის აშენებასაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაშ ვგეგმავთ.
6. ღერძი 8 - კიდევ ერთი ვერტიკალური ღერძი - თბილისი -ახმეტა
გურჯაანის შემოვლითი - თელავი (30კმ) გზის გაკეთების შემდეგ შეიკვრება ახალი საინტერესო წრიული მარშრუტი თბილისი-ბაკურციხე-თელავი-ახმეთა-თიანეთი-ჟინვალი-თბილისი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სატრანზიტო ფუნქციის განვითარების კუთხით და ქვეყნის აღმოსავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი რეგიონების ერთმანეთთან დაკავშირებისთვის. ყველა ამ პროექტის შედეგად, საქართველო თანდათან ემსგავსება დაახლოებით გულს, რომელიც სრულად არის აღჭურვილი კორონარული არტერიებით, რომელიც მთლიანად კვებავს იმ ორგანიზმს, რომელსაც ჰქვია საქართველო და მის ყველა რეგიონში თანაბრად მიეწოდება სისხლი, ჟანგბადი და ყველა რეგიონის სუნთქვა ხდება აბსოლუტურად გამართული. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ვინაიდან იგი თვისობრივად, ხარისხობრივად, ფიზიკურად ცვლის საქართველოს, მისი რეგიონების ცხოვრების ხარისხს და თითოეული ადამიანის კეთილდღეობაზე ექნება ზეგავლენა.

ამდენად ახალი გზები, ხიდები, გვირაბები შექმნიან ერთიან ჩონჩხს, რომელიც გააერთიანებს და შეკრავს ყველა რეგიონს. გახდის მგზავრობას უფრო უსაფრთხოს, რაც უმნიშვნელოვანესია, სწრაფს, ადვილს. გაიზრდება ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი, მათთვის უფრო ადვილი გახდება გადაადგილება, ასევე ხელმისაწვდომი გახდება ყველა ძირითადი სიცოცხლისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა.

ახალი ინფრასტრუქტურის შედეგად შემქნილი ახალი ტურისტული მარშრუტები:

 ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი 55 კილომეტრიანი გზა.
 და უნიკალური გზა სნო - ჯუთა - როშკა - შატილი - ომალო - ფშაველის 200კმ-იანი გზა, რომელიც დააკავშირებს ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებს. ეს იქნება ექსტრემალური ტურისტული გზა, რომელიც გარკვეულ ადგილებში ზღვის დონიდან 3000 მეტრის სიმაღლეზე გაივლის და როგორც ტურისტებს, ასევე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უნიკალური ლანდშაფტების და კულტურის გაზიარების საშუალებას მისცემს.

დიდი ტურისტული პოტენციალი აქვთ სატრანზიტო ავტომაგისტრალებსაც, რომელიც ჩვენ მანამდე განვიხილეთ. გამომდინარე იქედან, რომ საერთაშორისო შემოსვლების 87.8% მეზობელ ქვეყნებზე მოდის, აღნიშნული სეგმენტი ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის ზრდის თვალსაზრისით. ლიდერი ქვეყნები საერთაშორისო შემოსვლების მიხედვით არიან ჩვენი მეზობელი ქვეყნები და სწორედ აღნიშნული ქვეყნების სასაზღვრო გამშვებ პუნქტებთან დამაკავშირებელი გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებს პროექტი.
არ შემიძლია არ ავღნიშნო ის დამატებითი სარგებელი, რომელსაც მიიღებენ რეგიონები ტურიზმის განვითარებიდან. 2020 წლისათვის საჭირო იქნება 40,000-ზე მეტი დამატებითი საწოლი ადგილი განთავსების საშუალებებში, რაც თავის მხრივ მოქმედებს დასაქმების მაჩვენებელზე და ქმნის 20,000-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს მარტო პირდაპირი წესით.

წრიული რეგიონული გზები - ახალი გზების გაჩენით დამატებით ეფექტს მივიღებთ - გაჩნდება ახალი ტურისტული მარშრუტები - წრიული მარშრუტები.

განუმეორებელი ეფექტის მოხდენა შესაძლებელი გახდება ისეთი გზების არსებობით როგორიცაა: ქუთაისიდან ქვემო სვანეთის გავლით ზემო სვანეთთან დაკავშირება და შემდგომ სამეგრელოს გავლით ქუთაისთან ან აჭარის რეგიონთან დაკავშირება, აჭარისა კი - სამცხესთან.

ან არანაკლებ საინტერესო წრიული მარშრუტი თბილისი-ბაკურციხე-თელავი-ახმეთა-თიანეთი-ჟინვალი-თბილისი, რაც ვფიქრობთ, ძალიან მიმზიდველი იქნება ტურისტებისთვის. რადგან ამ მარშრუტებზე არის უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რაც საინტერესო იქნება ქვეყნის წარმოჩენისთვის.

მთლიანობაში 2020 წლის ჩათვლით დაგეგმილია მშენებლობა-რეკონსტრუქცია ჩაუტარდეს 1000 კმ-მდე საავტომობილო გზას, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 3,5 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო მათ შორის იგეგმება 550 კმ ავტომაგისტრალის მშენებლობა. შედარებისთვის, 2013-2015 წლებში აშენდა 84 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, 2006-2012 წლებში აშენდა 68 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი.

ხიდები - 2006-2015 წლებში აშენდა 150-მდე ახალი სახიდე გადასასვლელი. 2016-2020 წლებში დაგეგმილია 300-მდე სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, მათ შორის 100-მდე სახიდე გადასასვლელი აშენდება მხოლოდ რიკოთის უღელტეხილზე.

გვირაბები - 2006-2015 წლებში აშენდა 6 საავტომობილო გვირაბი. 2016-2020 წლებში დაგეგმილია 50 საავტომობილო გვირაბის მშენებლობა, მათ შორის, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე 40 საავტომობილო გვირაბი.

დამატებით გაგრძელდება არსებული გზების რეაბილიტაცია. 2016-2020 წლის განმავლობაში დაგეგმილია 800 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია.
ყოველწლიურად სამშენებლო სამუშაოებზე საშუალოდ დასაქმდება 30-40 ათასამდე ადამიანი პირდაპირი გზით. დამეთანხმებით, რომ საკმაოდ ამბიციური გეგმაა, რომელიც ეფუძნება კონკრეტულ გათვლებს; არის გათვლილი როგორც ფინანსურ, ასევე ადამიანურ, ადმინისტრაციულ რესურსზე და აბსოლუტურად რეალისტურია, ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილია, ზუსტად ვიცით, როდის რას ვიწყებთ, რა დროს უნდა დაიწყოს, რა დროს უნდა ჩაბარდეს და 2020 წლის ბოლოსთვის მთელი ეს რეალობა იქნება საქართველოში შექმნილი, რაც გარღვევა იქნება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.

7. (რკინიგზის სადგურები)
სატვირთო-სატრანზიტო პოტენციალის ასამოქმედებლად არანაკლებ მნიშვნელოვანია სარკინიგზო ქსელი. სატვირთო-სატრანზიტო გადაზიდვები ქვეყნის ეკონომიკაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. საქართველოს რკინიგზა ახორციელებს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტს, რომლის მთავარი მიზნებია სატვირთო გადაზიდვებისა და სამგზავრო გადაყვანების ოპტიმიზაცია, საოპერაციო დანახარჯების შემცირება, საოპერაციო უსაფრთხოების სრულყოფა, გამტარუნარიანობის გაზრდა. მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2019 წელს. ამჟამად, შესრულებულია მთლიანი სამუშაოების 40%.
მიმდინარეობს ბაქო-თბილისი-ყარსის შემაერთებელი ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტი. დღეისათვის დასრულებულია სამშენებლო სამუშაოების დაახლოებით 70%.
პრაქტიკულად დასრულებულია მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა და არსებული ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია.
მატარებლის შემოსვლა ჩინეთიდან საქართველოში ხდება მხოლოდ 9 დღეში. საქართველოს გავლით სარკინიგზო მარშრუტი მიჩნეულია ყველა მოკლე ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მარშრუტად. უკვე დადებულია ხელშეკრულებები საქართველოს გავლით რკინიგზით ტვირთების გადაზიდვაზე ჩინეთიდან ბელგიასა და გერმანიაში და ამ ქვეყნების სია კიდევ უფრო გაიზრდება.

8. პორტები
ამჟამად საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედებს სამი პორტი: ბათუმის, ფოთის, ყულევის პორტები. ამ პორტების მიერ გატარებული ტვირთების რაოდენობამ 2015 წელს 20 მლნ ტონა შეადგინა.
საზღვაო ხაზები აკავშირებს ჩვენს პორტებს თურქეთის - სამსუნის და სტამბოლის, ბულგარეთის - ვარნის და კონსტანცას, და უკრაინის - ოდესის და ქერჩის პორტებთან.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვლება საზღვაო ტვირთბრუნვის სურათი. ანაკლიის პორტის მხოლოდ პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ, რაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში დასრულდება, ქვეყნის საკონტეინერო გადაზიდვების სატრანზიტო პოტენციალი თითქმის ორჯერ გაიზრდება. დღევანდელი პოტენციალი არის დაახლოებით 600 000 TEU (20-ფუნტიანი ეკვივალენტი, რაც ერთ კონტეინერს ნიშნავს), პორტის პირველი ფაზის დასრულების შედეგად, ჩვენ გვექნება დამატებით 500 000 TEU-ს გატარების პოტენციალი, ანუ თითქმის გაორმაგდება სატრანზიტო პოტენციალი და შემდეგი ფაზა, რომელიც მომდევნო 7 წელიწადში უნდა დასრულდეს, იქნება დამატებით 1,5 TEU-ს გატარების პოტენციალის შექმნა, ხოლო ანაკლიის პორტის სრულად ამოქმედების შემდეგ, დაპროექტება ხდება ისე, რომ 100 მილიონამდე ტვირთის გატარება ჰქონდეს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მომავალი თაობებისთვის მთელი საუკუნის სამყოფ ინფრასტრუქტურას ვაშენებთ, რაც ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სატრანზიტო პოტენციალის, არამედ ყველა მიმართულებით ქვეყნის განვითარებისთვის.

9. აეროპორტები

დღეისთვის ჩვენ გვაქვს 12 აეროპორტი. აქედან მხოლოდ 3-ია საერთაშორისო სტატუსის აეროპორტი თბილისი, ქუთაისი, ბათუმი. მხოლოდ 5 აეროპორტიდან სრულდება სამგზავრო ავიარეისები - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, მესტია, ნატახტარი.

ვინაიდან ტურისტთა რაოდენობა უშუალოდ დამოკიდებულია პირდაპირი რეისების რაოდენობაზე, ფრენების გეოგრაფიასა, სიხშირეზე და ავიაბილეთების ხელმისაწვდომობაზე, ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით. მხოლოდ 2015-2016 წლებში საქართველოში შემოვიდა 9 ახალი ავიაკომპანია.

დღეისთვის საჰაერო გზით ჩამოსულ ტურისტთა ძირითადი რაოდენობა მოდის თბილისის აეროპორტზე. ჩვენი ამოცანაა, ამ მიმართულებით მოხდეს დივერსიფიკაცია და განვავითაროთ დანარჩენი აეროპორტები. ქუთაისში, დღეს არსებულ 4 საერთაშორისო რეისს 7 ახალი რეისი დაემატება ევროპის მიმართულებით. ასევე, ქუთაისში ბევრი ჩარტერული ფრენა სრულდება და მის განვითარებას ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. უძრავი ქონებით დაინტერესებულ ადამიანებს მოგიწოდებთ, დაინტერესდეთ ამ მიმართულებით, რადგან ძალიან საინტერესო პოტენციალი იქნება საქართველოში.
თვის ბოლოს დავასრულებთ ამბროლაურის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობას, რომელიც ერთი კვირის წინ დავიწყეთ და ასე სწრაფი ტემპით ვასრულებთ, დარწმუნებული ვარ, მექნება საშუალება, პირადად განვახორციელო ფრენა ამ მიმართულებით. ასევე, აშენდება თანამედროვე დიზაინის, სრულიად ახალი სამგზავრო ტერმინალი, რომელიც მოემსახურება რაჭა-ლეჩხუმის მიმართულებას და რამდენიმეჯერ გაზრდის ამ მიმართულების მიმზიდველობას ტურისტებისთვის.
ზუგდიდის აეროპორტს მომავალ წელს დავიწყებთ და დავასრულებთ; თელავის აეროპორტი აუცილებლად უნდა განვითარდეს; ვფიქრობთ, ახალქალაქში არსებული აეროდრომიც გავარემონტოთ და დავასრულოთ აეროპორტის მშენებლობაც, რომ ამ მიმართულებით ფრენა იყოს შესაძლებელი. ასევე, ვფიქრობთ, ომალოში ავაშენოთ მცირე აეროდრომი, რომელიც აუცილებელი იქნება თუშეთის განვითარებისთვის. თუშეთისკენ მიმავალი გზა უნდა გაუმჯობესდეს, უნდა მოხდეს მისი თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, უსაფრთხოების გაუმჯობესება, რათა ტურისტებისთვის უსაფრთხო გახდეს ამ მიმართულებით მგზავრობა და უპირველეს ყოვლისა. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის თუშეთი იყოს ხელმისაწვდომი. ამ გეგმებში ეს ყველაფერი შედის და 2020 წლამდე ეს იქნება ჩვენთვის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება.

10. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა - ასე შეიკვრება და გამოიყურება ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ყველა ამ პროექტის განვითარების შედეგად და ეს თვისობრივ და ხარისხობრივ ცვლილებას მოახდენს ქვეყნის განვითარებაში და ჩვენი გუნდი დარწმუნებულია, რომ ეს არის ძალიან რეალისტური და განხორციელებადი გეგმა. რამდენადაც საოცარი არ უნდა იყოს, დღეს ჩვენ, საარჩევნო კამპანიის პარალელურად ვმუშაობთ ამ გეგმის გახორციელების პერიპეტიებზე, როდის რა უნდა დაიწყოს, რა რესურსებით ვაკეთებთ და არჩევნების დასრულებისთანავე, დარწმუნებული ვარ, მოგვეცემა საშუალება, დავიწყოთ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ გეგმის განხორციელება, საინვესტიციო მიმართულებით მუშაობა, რომ სწორი პარტნიორობის მოდელების შედეგად, თითოეული მოზიდული დოლარი გავამრავლოთ კერძო სექტორიდან მოზიდული თანხის მეშვეობით და გავაკეთოთ სწორი პარტნიორობა სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის.

11. (ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა) -

საინტერესო გეგმა გვაქვს გადამცემი ხაზების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. საქართველოს ენერგეტიკული და სამრეწველო განვითარების მდგრადობისთვის აუცილებელია, საქართველოს გადამცემი ხაზების ინფრასტრუქტურის კავშირები მეზობელ ქვეყნებთან იყოს თანამედროვე სტანდარტის და უზრუნველყოს საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტი და საჭიროებს შემთხვევაში შეუფერხებელი იმპორტი. ამ მიმართულებით ასევე გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელი გადამცემი ხაზები რა დროის მონაკვეთში უნდა აშენდეს. 2020 წლისთვის ჩვენ დავასრულებთ ელექტროგადამცემი ხაზების სრულ მოდერნიზაციას.

12. მელიორაცია

მელიორაციის მიმართულებით, დღემდე განხორციელებული ღონისძიებების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 167 205 000 ლარი. სარეაბილიტაციო პროგრამის შედეგად საქართველოში წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 45 ათასი ჰექტრიდან 110 ათას ჰექტრამდე, ხოლო დრენირებული 14 ათასი ჰექტრიდან 31 ათას ჰექტრამდე გაიზარდა. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ვგეგმავთ, გავაორმაგოთ გასარწყავიანებული ფართობები და ესეც გულისხმობს მნიშვნელოვან ინვესტიციებს.

(სასოფლო-სამეურნეო მიწები)

სასოფლო-სამეურნეო სავარგულები უმნიშვნელოვანესია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და პრემიუმ-ნიშაში საქართველოს შესვლისთვის, გამომდინარე საქართველოს განსაკუთრებული ბუნებრივი კლიმატიდან და ჯერ კიდევ დაუბინძურებელი ნიადაგისა და ჰაერის ხარისხიდან, რომელსაც განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ, რათა საქართველოში ცხოვრება იყოს სახალისო, ხოლო ნაწარმოები პროდუქტი იყოს უმაღლესი ხარისხის და დაიკავოს განსაკუთრებული ნიშა ექსპორტის მიმართულებით.

(მაღალმთიანი რეგიონები)
მაღალმთიანი რეგიონები არ არის როგორც ჩრდილოეთით, ასევე სამხრეთით. რატომღაც არსებობს სტერეოტიპი, რომ მხოლოდ ჩრდილოეთშია მთები, არანაკლებ რთული კლიმატური პირობებია საქართველოს სამხრეთ და აჭარის მთიანეთში და ამ მიმართულებას ზუსტად ისეთივე ყურადღება სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ჩრდილოეთის მაღალმთიანეთს და ამ მიმართულებით გვაქვს კონკრეტული გეგმები. ჩვენ დავიწყეთ მთის კანონმდებლობით, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის და ყველა ამ გეგმის განხორციელების შედეგად, საქართველოს მთიანეთი გახდება ძალიან მიმზიდველი, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოსახლეობისთვის და შემდეგ ტურისტებისთვის.

13. (დაცული ტერიტორიები)
ჩვენი ქვეყნის უდიდესი სიმდიდრე; ეს არის სივრცეები, რომლებიც ჩვენმა წინა თაობებმა უცვლელად შეგვინარჩუნეს და რომელსაც ჩვენ განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ და გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს. თანამედროვე მსოფლიოს ეკოლოგიური პრობლემების ფონზე ეს ბუნების ძეგლები სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი და პოპულარული გახდება ჩვენი მოქალაქეებისა და უცხოელი ტურისტებისთვის.

საქართველოში სულ 88 სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიაა, რომლის ფართობი 600 ათასი ჰექტარია. ჩვენ ვგეგმავთ, გავაფართოოთ ყაზბეგის ეროვნული პარკი, დავაარსოთ რაჭის, სვანეთის და ახალციხის დაცული ტერიტორიები და 230 ათას ჰექტარამდე დამატებითი ტერიტორია დავამატოთ უკვე არსებულ დაცულ ტერიტორიებს და ამ მიმართულებით განვავითაროთ სპეციალური რეგულაციები, აუცილებელი ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა, მათ შორის დაცული ტერიტორიების ეკონომიკური სეგმენტის გაძლიერებისთვის.

14. (კურორტები)
საქართველოს გააჩნია ბევრი პოტენციურად მიმზიდველი კურორტი, მაგრამ დღეს მხოლოდ ამ პოტენციალის მცირე ნაწილია ამუშავებული. არაერთ კურორტზე მიმდინარეობს დაგეგმარებითი სამუშაოები, უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, რათა კანონზომიერად, საჯარო და კერძო პარტნიორობის მოდელებით, განვავითაროთ ყველა საინტერესო მიმართულება, რომელიც არსებობს და გავხადოთ ოთხსეზონიანი კურორტი. არ ჩამოვთვლი არც ერთ კურორტს, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ყველას დიდი პოტენციალი გააჩნია და სხვადასხვა დონეზე და ხარისხით ვმუშაობთ ამ პოტენციალის ასათვისებლად.

წყალტუბოში - ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში უკვე განხორციელდა მსოფლიო ბანკის 40 მლნ დოლარიანი ინვესტიცია. წყალტუბო-სპა კურორტის განვითარების კონცეფციის შესაბამისად კურორტზე 9 თერმული აბანოს და 15 სასტუმროს აღდგენა, დაგეგმილია ახალი თანამედროვე სასტუმროების და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ნაწილობრივ ეს პროექტი განხორციელებულია, ჩვენ ძალიან დიდი სამუშაო შევასრულეთ გენერალური დაგეგმარების მიმართულებით და შევქმენით ის საბაზისო ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას. ამ ინფრასტრუქტურის შექმნის შედეგად, გვყავს ბოლო პერიოდში შემოსული ძალიან მსხვილი ორი ინვესტორი, რომელიც მთლიანად კერძო ინვესტიციით ავითარებს წყალტუბოში სპა-კურორტს და დარწმუნებული ვარ, მომავალი 2-3 წლის განმავლობაში, წყალტუბო ძალიან სერიოზულ განვითარებას განიცდის, მით უმეტეს, რომ წყალტუბოსთან ახლოს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასეთი სიჩქარით ვითარდება. ეს არის დამატებით 750-850 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მარტო წყალტუბოს მიმართულებით.

ბახმარო - უკვე გამოვლენილია საპროექტო კონსორციუმი, რომელიც დაამუშავებს ბახმაროს მიწათსარგებლობის გეგმას.

რაჭის ტურისტული განვითარების კონცეფცია გულისხმობს რამდენიმე თანამედროვე, საერთაშორისო დონის კურორტის განვითარებას რაჭაში, კერძოდ კი შაორზე, უწერასა და შოვში. რეგიონი ძალიან დიდი პოტენციალის მატარებელია, უნდა აშენდეს როგორც საერთაშორისო ბრენდის 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროები, ასევე სამედიცინო ტიპის გამაჯანსაღებელი კომპლექსი. კონცეფციის განხორციელების მთლიანი საინვესტიციო ღირებულება განსაზღვრულია საწყის ეტაპზე 60 მლნ აშშ დოლარით, რომელიც მოიცავს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ინვესტიციას.

გუდაური-კობის კურორტის განვითარება
2017 წელს დავიწყებთ და დავასრულებთ გუდაური-კობის მიმართულებით საბაგირო ხაზების მშენებლობას, რაც განავითარებს კობს, როგორც სერიოზულ ბაზას გუდაურის კურორტისთვის. დარწმუნებული ვარ, მოთხოვნა იქნება სასტუმროების მშენებლობაზე, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტეფანწმინდას, ყაზბეგს გადააქცევს 12-თვიან კურორტად და მთელი სტეფანწმინდის ოთახების რესურსი მიებმება გუდაურის კურორტის განვითარებას. ეს იქნება ერთიანი ტურისტული კომპლექსი, რომელიც იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მთელს ევროპაში, განსაკუთრებული ლანდშაფტიდან, განსაკუთრებულად მაღალი ხარისხის სათხილამურო ტრასებიდან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან და ულამაზესი ბუნებიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარებით გახდება შესაძლებელი. თბილისი-ლარსის ავტობანის მშენებლობა კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ამ მიმართულებას.

სამთო-სათხილამურო კურორტებზე, როგორიც არის ბაკურიანი, დიდველი, კოხტა-მიტარბი, მიმდინარეობს უმსხვილესი პროექტები. კერძო-საჯარო პარტნიორობის მოდელებით, ჩვენ დავიწყეთ და ვახორციელებთ კოხტა-მიტარბის სრულიად ახალი სათხილამურო კომპლექსის მშენებლობას, სადაც სახელმწიფო ამონტაჟებს ახალ საბაგირო გზებს, ხოლო კერძო კომპანია აშენებს სასტუმროებს და მიმდინარეობს თანამედროვე ალპური და სუბალპური ზონის განვითარების ევროპული კონცეფციის შესაბამისად, სრულიად ახალი მინიქალაქის მშენებლობა, რომელიც იქნება ძალიან მიმზიდველი მიმართულება. დარწმუნებული ვარ, ბაკურიანის არსებული სასტუმროების მთელ რესურსს მიაბამს ამ ერთი დიდი ტურისტული კომპლექსის განვითარებაზე. ასევე, ეს გამოიწვევს, არა მხოლოდ ბაკურიანის, არამედ მთელი ბორჯომის სასტუმრო რესურსის ერთიან კომპლექსში გაერთიანებას და ჩამოყალიბდება ერთიან კურორტად, მით უმეტეს, რომ წელს, ზამთრის სეზონიდან, ჩვენ უფასო ავტობუსების დანიშვნას ვგეგმავთ ბორჯომსა და ბაკურიანს შორის.
თეთნულდის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი განვითარების გეგმა გვაქვს. საუბარია საპარტნიორო ფონდის ჩართულობით მინიმალური ინფრასტრუქტურის, სასტუმროების, სავაჭრო ცენტრების და გასართობი ცენტრების მშენებლობაზე, რაც გამოიწვევს სვანეთის მიმართულებით ინვესტიციების დიდ ბუმს. ეს ასევე შესაძლებელი გახდება ქუთაისიდან ლენტეხის გავლით, მესტიაში ასასვლელი გზის მშენებლობის კვალობაზე. ასევე, გარემონტდება ჯვარი-მესტიის გზა, რომელიც უმნიშვნელოვანესი იქნება სამეგრელოსა და სვანეთის დასაკავშირებლად და ეს იქნება ერთიანი წრიული ტურისტული მარშრუტის შემადგენელი ნაწილი.
განსაკუთრებული ხაზგასმით მინდა აღვნიშნო თუშეთის ტურისტული პოტენციალის განვითარება. ვფიქრობთ, თუშეთი შეიძლება გახდეს, ერთ-ერთი განსაკუთრებული რეგიონი საქართველოსი, იმ ავთენტურობიდან და იმ პირველადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან გამომდინარე, რომლებიც იქ არსებობს და რა თქმა უნდა, იმ ადათ-წესებიდან და მოსახლეობიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენთვის ყველაზე დიდი სიმდიდრეა და რომელმაც ეს ადათ-წესები შემოინახა. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები სხვა მიმართულებებითაც - ეს არის სამეგრელოში ძალიან საინტერესო კურორტები, მაგალითად ულამაზესი ლებარდე და სამხრეთ საქართველოში, ქუთაისი-აბასთუმნის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შემდეგ, მთელი სამხრეთ საქართველოს ტურისტული კომპლექსი გახდება ადვილად ხელმისაწვდომი, მიმზიდველი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით გამართული, რაც თვისობრივად შეცვლის საქართველოს და ძალიან დიდ მოთხოვნას გააჩენს კერძო ივნესტიციებზე.

15. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები - 4075 ძეგლი
საქართველო მართლაც ერთი დიდი მუზეუმია, რომელიც უნიკალურია მსოფლიოში და არ შეიძლება, ამ ძეგლების მოვლა-პატრონობას განსაკუთრებული ყურადღება არ დავუთმოთ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ასევე, არ შეიძლება, არ ავაშენოთ საჭირო ინფრასტრუქტურა ისე, რომ ყველა ძეგლი გავხადოთ მნიშვნელოვანი და საინტერესო საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის. მინდა, დავაანონსო, რომ ჩვენ ორი დღის წინ დავიწყეთ სრულიად ახალ პროექტზე მუშაობა - ეს გახლავთ საქართველოს მთელი ამ ინფრასტრუქტურის GPS ნავიგაციის სისტემაში, მონაცემთა ბაზის, ე.წ „ქლაუდის" შექმნა, რომელიც თავსებადი იქნება მსოფლიოში არსებულ ყველა ასეთ მოწყობილობასთან. ნებისმიერი სისტემით, რომელიც კი დღეს მსოფლიოში არსებობს, შესაძლებელი იქნება, საქართველოში ნებისმიერ სასაზღვრო პუნქტთან ჩამოსვლა და ყველა მოსახვევი, ყველა პატარა თუ დიდი გზა, ძალიან დიდი სიზუსტით დატანილი იქნება მონაცემთა ბაზაში. ამ მიმართულებით, მცირე კომპანიებმა გარკვეული სამუშაოები დაიწყეს, მაგრამ სამუშაო იმდენად მოცულობითია, რომ ვერც ერთმა მათგანმა ეს სამუშაო ვერ აწია. ამიტომ, ვფიქრობთ, სახელმწიფოს ჩართულობა ამ პროექტის განხორციელებაში იქნება უმნიშვნელოვანესი და ვფიქრობთ, ამ პროექტის განხორციელებით საქართველო და ტურიზმი საქართველოში გახდება აბსოლუტურად განსხვავებული. ნებისმიერი ჩამომსვლელი ტურისტი შეძლებს, GPS-ნავიგატორის მეშვეობით მივიდეს ნებისმიერ წერტილში, მოიძიოს ტურისტული მიმართულებები, სასტუმროები, რესტორნები, ბენზინგასამართი სადგურები, ავტოპარკინგი, საფოსტო კოდების მეშვეობით მივიდეს ნებისმიერ წერტილში და ეს ყველაფერი, საქართველოში ჩამოსვლას, ხარისხობრივად განსხვავებულს გახდის. ეს ორი დღის წინ დავიწყეთ და ვფიქრობთ, იქნება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი საქართველოს სივრცითი მოწყობისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით.

16. არსებული მიზიდულობის ცენტრები
არსებული შესაძლებლობების სივრცეში დაკავშირება ნათლად ავლენს ქვეყნის ქსოვილში ეკონომიკის განვითარების ახალ შესაძლებლობებს, ხოლო ტერიტორიულ-ეკონომიკური თემატური კლასტერების არსებულ და დაგეგმილ სატრანსპორტო კარკასთან ინტეგრირება კი, პოზიციონირებას უკეთებს მიზიდულობის ცენტრებს - აძლიერებს არსებულებს და ქმნის ახლებს.

სივრცითი მოწყობის რეფორმის განხორციელების შედეგად, გაჩნდება სრულიად ახალი ურბანული ცენტრები, მიზიდულობის ცენტრები, ყველა წერტილში სისხლის და ჟანგბადის მიტანა და ცხოვრების მიმზიდველობის ზრდა უპირველეს ყოვლისა ჩვენი მოსახლეობისთვის და მომსახურებების მიტანა ყველა რეგიონში, რაც ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

სივრცითი კარკასი შედგება რამდენიმე ღერძისგან

ჩრდილოეთის ხერხემალი
ქუთაისზე გამავალი ჩრდილოეთ-სამხრეთის ძალიან საინტერესო მიმართულება, რომელიც სატრანზიტო ხასიათის იქნება და უმნიშვნელოვანესი დანიშნულება ექნება;
დასავლეთ-აღმოსავლეთის ახალი კარკასი;
სამხრეთის კარკასი, რომელიც სამხრეთის ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციის შედეგად იქმნება;
ზოგიერთი მონაკვეთი, ოკუპაციის გამო სრულად ვერ იფუნქციონირებს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, ეს შესაძლებელი გახდება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სერიოზული ნაბიჯები, რათა ამ მიმართულებით ასევე გარღვევა და სერიოზული ცვლილება მოვახდინოთ შერიგების პროცესში. თუმცა, შეუძლებელია დღეს თქმა, დროის რა ინტერვალში მოხდება ეს.
ძალიან მნიშვნელოვანი კარკასია ზღვისპირა მიმართულება - თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით გამავალი ინფრასტრუქტურა;

ეს ყველაფერი კეთდება იმისთვისაც, რომ საქართველო უფრო ეფექტურად ჩაერთოს რეგიონულ ეკონომიკაში და მეტად იქნას გამოყენებული ის პოტენციალი, რომელიც ისტორიულად გააჩნია და დღეს არ არის ათვისებული მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ტერიტორიულ-სივრცითი მოწყობის ასეთი ერთიანი გააზრება, დღემდე, არასოდეს დღის წესრიგში არ ყოფილა. დღეს, კანონზომიერი მიდგომით, ეს შესაძლებელი გახდება.

საერთაშორისო არტერიები ბაქო-სოფია, როსტოვი-თეირანი, მურმანსკი-ელ-კუვეიტი, ლონდონი-პეკინი - ეს ახალ საქართველოზე გამავალი გლობალური ეკონომიკური ღერძებია და საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს მიზიდულობის ცენტრი, არა მხოლოდ კავკასიის, არამედ გაცილებით ფართო მასშტაბით. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდება იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს ძალიან კარგი გეოგრაფიული მდებარეობა, გვყავს ძალიან ნიჭიერი ხალხი, გვაქვს ძალიან კარგი საერთაშორისო ურთიერთობები გვყავს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორები და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ამ უმნიშვნელოვანესი რეფორმის განხორციელების მთავარი წინაპირობა - სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული საქართველოში. მხოლოდ ამ სტაბილურობის ფონზე იქნება შესაძლებელი ამ ძალიან მასშტაბური, საინტერესო, ამბიციური გეგმების განხორციელება.
ამ დარბაზში მსხდომი ყველა ადამიანი და ყველა, ვინც ამ გამოსვლას მოისმენს და ნახავს, აუცილებლად იქნება ამ ძალიან საინტერესო გეგმის განხორციელების მნიშვნელოვანი მონაწილე და ამის გარეშე და იმ სინერგიის გარეშე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა შედგეს, ამ გეგმის განხორციელება შეუძლებელი იქნება. სწორედ ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი, რომ ჩვენ ქვეყნის თვისობრივი, ხარიხსობრივი, ფიზიკური ცვლილებების გეგმის გარშემო გავაერთიანოთ ყველა ჩვენგანის ძალისხმევა.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის!

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური