საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობის წევრების გაფართოებული მოლაპარაკებები ამოსაბეჭდი ვერსია

2016-08-31

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად საკითხებზე, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.

ორი ქვეყნის მთავრობის წევრებმა განიხილეს აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო დერეფნის ფარგლებში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები; ხაზი გაუსვეს „აბრეშუმის გზის" პროექტის ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის, როგორც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი პროექტის როლს.

ასევე განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობა გლობალური ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის - სამხრეთის გაზის დერეფნის განხორციელების პროცესში. როგორც მხარეებმა განაცხადეს, პროექტის წარმატებით დასრულება ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზეც იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ პროცესს ხელს შეუწყობს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც ახლო მომავალში ჩაინიშნება.
წარმატებულად შეფასდა თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში და აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით არსებულ დადებით დინამიკაზე საქართველოში აზერბაიჯანელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდაც მიუთითებს.

გაფართოებულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან - ენერგეტიკის მინისტრი ნატიკ ალიევი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური