საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა ჩინური კორპორაციების წარმომადგენლებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-08-26

უმსხვილესი ჩინური კორპორაციები საქართველოს სამშენებლო სექტორით, ქართული ღვინით და ტურიზმის სფეროში ინვესტირებით დაინტერესდნენ - ამის შესახებ აღინიშნა შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ჰუალინგ ჯგუფის" პრეზიდენტ, მი ენჰუასთან და სხვა ჩინური კორპორაციების წარმომადგენლებთან გამართა.

გიორგი კვირიკაშვილმა ჩინელ ბიზნესმენებს საინვესტიციო გარემო გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველო ინვესტორებს სთავაზობს დიდ შესაძლებლობებს - თავისუფალ და ღია ეკონომიკას.

შეხვედრაზე ყურადღება გახვილდა ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის პერსპექტივებზე და ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში ჩინეთში ქართული ღვინის ზრდის დინამიკას. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში ტურიზმის მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციას და ვიზიტორთა რიცხვის უპრეცედენტო ზრდის მაჩვენებლებს. მხარეებმა ისაუბრეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზე, რაც მათი თქმით, იძლევა დიდ შესაძლებლობას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური