საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა სტივ შაბოსთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-08-12

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკელ კონგრესმენს, აშშ-ის კონგრესის მცირე ბიზნესის კომიტეტის თავმჯდომარეს სტივ შაბოს შეხვდა.

საუბრის დროს განიხილეს ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა. მთავრობის მეთაური კონგრესმენს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ესაუბრა. გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ,,აბრეშუმის გზის" პროექტში. მისი თქმით, ახალი ინფრასტრუქტურული, სატრანსპორტო და სავაჭრო პროექტების განხორცილებით, მთავრობა საქართველოს, როგორც რეგიონალური ცენტრის, მნიშვნელობას ზრდის.

საუბრის დროს მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური კურსის ერთგული მიმდევარია და ამ მიმართულებით ქვეყანას უწყვეტი პროგრესი აქვს.
თავის მხრივ, კონგრესმენმა შაბომ დააფიქსირა აშშ-ის ხელისუფლების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ქვეყანა გამორჩეული და სამაგალითოა მთელი რიგი მიმართულებების მხრივ. ამ კონტექსტში კონგრესმენმა ისაუბრა დღეს არსებულ დადებით საინვესტიციო გარემოზე და განაცხადა, რომ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ქვეყანას დიდი პოტენციალი გააჩნია.

შეხვედრაზე ისაუბრეს ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩვენებზეც. პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება უზრუნველყოფს პლურალისტულ წინასაარჩევნო გარემოს და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. გიორგი კვირიკაშვილმა და სტივ შაბომ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს. კონგრესმენის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა და პრემიერის სამომავლო გეგმები დადებით გავლენას იქონიებს ქვეყნის განვითარებაზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური