საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი ამბასადორიალი 2016-ზე ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-29

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში ვიმყოფებით; ეს საპარლამენტო არჩევნები იქცა ჩვენი მდგრადი დემოკრატიის ტესტად და ყველანი მოწოდებული ვართ, ის უმაღლესი სტანდარტებით ჩავატაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ამბასადორიალი 2016"-ზე, საქართველოს დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დაიხვეწა და გაცილებით გაუმჯობესდა კანონმდებლობა, ასევე, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ფიზიკური შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
„ამ ყველაფრის მიზანია, მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ ისეთი ექსცესები, როგორიც იყო ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ უბანზე, ადგილობრივი არჩევნების დროს. ეს იყო ძალიან სამწუხარო ფაქტი და შესაბამისი რეაგირებაც მოჰყვა, თუმცა, გარკვეული პრევენციის როლიც ითამაშა მომავალი არჩევნებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს დეტალურად ესაუბრა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგის შესახებ, რომელიც განათლების სისტემის ძირეულ რეფორმას, ეკონომიკური რეფორმების ბლოკს, მმართველობის რეფორმას და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას გულისხმობს. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის განხორციელებას საქართველოს განვითარების უახლეს ისტორიაში მნიშვნელოვანი გარღვევის მოხდენა შეუძლია.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური