საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერი გურიაში ახალგაზრდებს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „გურიანიუსის ჩოხატაურის ოფისში, „ივლიტას ბიბლიოთეკაში, გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტიდან წარჩინებული სტუდენტების ნაწილს და ოქროს მედალოსნებს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, წარჩინებულ ახალგაზრდებთან შეხვედრა, 13 ივნისის სტიქიისას დაღუპული ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკაში, სიმბოლურია. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ წყალდიდობას გამორჩეული ადამიანები ემსხვერპლნენ და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში საზოგადოების კონსოლიდაცია გაიხსენა.

„ახალგაზრდების ასეთი კონსოლიდაცია, როგორიც მაშინ ჩვენ ვნახეთ, მახსოვს ჩემს თაობაში 1989 წელს, როცა 9 აპრილი მოხდა და მაშინ, ალბათ, ერთმანეთი ყველას ყველაზე ძალიან გვიყვარდა. სიძულვილი ერთბაშად გაქრა იმ მომენტში და ზუსტად იგივე დავინახე. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი მოსდევს ხოლმე ტრაგიკულ მოვლენებს, როცა ჩვენ თურმე შეგვიძლია, გავერთიანდეთ, მაგრამ ასე ხდება. ჩემი უფროსი შვილები, ყოველ დილით, ნიჩბებით გადიოდნენ და საღამოს, ტალახში ამოსვრილები ბრუნდებოდნენ. მე გამიხარდა, რომ მათაც იგრძნეს ეს, მაგრამ არ გამიხარდა, რომ ეს მოხდა ასეთი მსხვერპლის ხარჯზე. კარგია, რომ ივლიტა ჯიბუტის სახელი აქ უკვდავყოფილია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური სტუდენტებს განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ განათლების სისტემა, რომელსაც სახელმწიფო აწვდის ახალგაზრდებს, უნდა იყოს ექსპორტზე, მინიმუმ, რეგიონულ ბაზარზე გათვლილი და ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს კონკურენტუნარიანი.

პრემიერი მიიჩნევს, რომ კონკურენტუნარიანი უნდა იყოს, როგორც სასწავლო გეგმები, ისე პროფესორ-მასწავლებლების მომზადება, სტუდენტისთვის შექმნილი პირობები, სახელმწიფო დახმარებები და ა.შ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ძირითადი პრინციპი, რაზეც თანხმობა არსებობს და ამ პრინციპით უნდა მოხდეს, როგორც უმაღლესი, ისე პროფესიული და საშუალო განათლების რეფორმირება.

მთავრობის მეთაურმა, ახალგაზრდებთან შეხვედრისას, განსაკუთრებულად აღნიშნა, რომ განათლების სისტემა პოლიტიკური კონფრონტაციისგან მაქსიმალურად შორს უნდა იყოს და განაცხადა, რომ განათლების მინისტრი ყველაზე დეპოლიტიზებული მინისტრია, რაც სწორია.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, განათლების სისტემა უფრო მეტად მოთხოვნაზე ორიენტირებული უნდა გახდეს.

„სამწუხაროდ, დღეს ჩვენ პირდაპირ ბიუჯეტიდან ვაფინანსებთ უმუშევრობას, რადგან ვაფინანსებთ პროფესიებს, რომლებიც შემდგომში შეიძლება არ იყოს მოთხოვნადი. ახალგაზრდებს, ფაქტობრივად, ვამყოფებთ ილუზიაში, რომ ისწავლიან, დაამთავრებენ, მიიღებენ პროფესიას და აღმოჩნდება, რომ ეს პროფესია ამდენად საჭირო არ არის. ამ დროს, მეორეს მხრივ, ქვეყანაში გვაქვს რაღაც პროფესიებზე გამოკვეთილი მოთხოვნა და ისინი არ ისწავლება, რადგან ეს არ არის ახალგაზრდებში პოპულარული. ეს ჩვენი ბრალია, რადგან ჩვენ საკმარისად არ ვეუბნებით ახალგაზრდებს, რომ დასაქმების შანსი გაცილებით მაღალი იქნება, თუ ისწავლიან, მაგალითად, სამოქალაქო ინჟინერიას, ვიდრე, თუ ისწავლიან, მაგალითად, იურისპრუდენციას. თუმცა, არის პროფესიები, რომლებიც არც ერთ ბაზრის კვლევაში არ გამოიხატება - ჰუმანიტარული მიმართულებები, კლასიკური ფილოლოგია, ფილოსოფია და ა.შ რომლებიც აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს, რადგან ერს სჭირდება ინტელექტუალური საზრდო და ადამიანები, რომლებიც ამ მიმართულებით იმუშავებენ. ასეთი ნაზავი სტრატეგიით ვფიქრობთ, წავიდეთ წინ და მინიმუმ ის გავაკეთოთ, რომ სახელმწიფომ საკუთარი სტიპენდიით არ წაახალისოს ის პროფესიები, სადაც დიდი ალბათობაა, რომ ადამიანები უმუშევრები დარჩებიან", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ემპირიულად ჩანს საჭიროება, რომ სახელმწიფომ, კერძო სექტორთან ერთად დააფინანსოს მოთხოვნადი პროფესიების სწავლება და სწორედ ამას ემყარება გერმანული ე.წ დუალური განათლების მოდელი, როდესაც ადამიანები სწავლობენ და მუშაობენ ერთად. პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ პრინციპს ეფუძნება პროფესიული განათლების მოდელი, რომლის შექმნაც მთავრობას სურს და ეს პროცესი დაწყებულია.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამავდროულად, არსებობს გარკვეულად ჩაკეტილი სისტემები, სადაც ნაცნობები, მეგობრები ნათესავები ერთმანეთს რეფერატებს უწერენ - ერთი ნაშრომს დაწერს, მეორე კი ოპონენტია. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი სისტემების გახსნა იყო სტუდენტების ერთი ნაწილის მოთხოვნა ბოლო პერიოდის ცნობილი პროტესტის დროს და ამ სულისკვეთებას აბსოლუტურად იზიარებს. პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში გაცილებით მეტი კონკურენცია იქნება, უფრო საღი იქნება მეცნიერებაც, უმაღლესი განათლების სისტემაც და ა.შ.

გიორგი კვირიკაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო პედაგოგებისადმი პატივისცემის აუცილებლობას.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენს პედაგოგთა კორპუსს დიდი პატივი უნდა ვცეთ. არ შეიძლება, იგივე მოსწავლეების თვალში ვაფიქსიროთ უპატივცემულობა, საჯაროდ გამოცდების ჩატარება და შემდეგ იმის თქმა, რამდენი პროცენტი ჩაიჭრა. ეს დამოკიდებულება მთავრობის მხრიდან შესაცვლელია. არ ვამბობ, რომ განათლების ხარისხი და მასწავლებლების მომზადების დონე არ უნდა გაიზარდოს, მაგრამ მიდგომა უნდა იყოს სხვაგვარი", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბევრი რამ არის შესაცვლელი საშუალო განათლებაშიც, მათ შორის, სასწავლო გეგმებში, სახელმძღვანელოებში თუ ა.შ. რაც შეეხება სისტემის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას, პრემიერის თქმით, ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომლის მეშვეობით 2 ათასზე მეტ დასახლებულ პუნქტს მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი ექნება.

„ეს არის მართლაც რევოლუციური პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებას მოიტანს მთლიანად საგანმანათლებლო სისტემაში. საუკეთესო ლექციების, საუკეთესო გაკვეთილების ლაივში მოსმენა იქნება შესაძლებელი ნებისმიერი სკოლის პირობებში, მაგალითად ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ოზურგეთში და ეს იქნება ძალიან კარგი ასევე მასწავლებლების მომზადებისთვის, კონკურენციისთვის და ა.შ მთლიანობაში რომ ვთქვათ, განათლების სისტემა ძალიან სერიოზულ ცვლილებებს გადის და იმედი გვაქვს, ამ ცვლილებების შედეგად, თაობა, რომელიც დაამთავრებს სკოლებს და უმაღლეს სასწავლებლებს იქნება გაცილებით უფრო მომზადებული თანამედროვე ცხოვრებისთვის, იქნება უფრო კონკურენტუნარიანი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა პრემიერთან არსებული „განათლების საერთაშორისო ცენტრის" შესახებ, რომელიც ახალგაზრდებს, საჯარო სექტორისთვის მოსამზადებლად, სასწავლებლად საზღვარგარეთ აგზავნის. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ცენტრი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მომზადებული თაობა გაძლიერდეს და შეიქმნას ადამიანთა გუნდი, რომელიც გამოცდილებას სხვებს გაუზიარებს.

„ეს ყველაფერი ერთად, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს, არა მარტო განათლების სისტემაში, არამედ მთლიანად ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა სტუდენტებს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც ემოციები მატულობს, მსგავსი შეხვედრების ორგანიზება კარგია.

„სამწუხაროდ, ჩვენთან ტრადიციად იქცა, რომ წინასაარჩევნოდ ყველა ერთმანეთს ებრძვის, შეურაცხყოფას აყენებს. სჯობს, ეს ტრადიცია დავამთავროთ და ქვეყანა ნორმალურ კალაპოტში გადავიდეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური