საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის კომენტარი ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-21

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას ჰქონდა სატელეფონო საუბარი გიორგი პაპუაშვილთან, რომელსაც მოუწოდა, მაქსიმალურად მოკლე ვადებში მიაწოდოს გენერალურ პროკურატურას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია.

"მე პოლიტიკური შეფასებისგან თავს შევიკავებ, გეტყვით მხოლოდ, რომ ამ განცხადებიდან სულ რაღაც ერთ საათში მე დავუკავშირდი ტელეფონით გიორგი პაპუაშვილს და შევთავაზე მას, რომ მაქსიმალურად მოკლე პერიოდში მიაწოდოს ყველა ინფორმაცია, რასაც ის ფლობს, გენერალურ პროკურატურას. მე ასევე ვესაუბრე მთავარ პროკურორს და ისინი მზად არიან, ჩაიბარონ ჩვენება. კარგი იქნება, თუ ყველა ის ადამიანი, ვისაც ამ კუთხით რაიმე სახის ჩივილი გააჩნია, მიმართავს პროკურატურას," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ იზიარებს დედოლარიზაციასთან დაკავშირებით კობა გვენეტაძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას.

"ვეთანხმები კობა გვენეტაძის განცხადებას, დედოლარიზაცია არის უალტერნატივო გზა ჩვენთვის - ეროვნული ვალუტისადმი ნდობის გაზრდა. გადასადგმელია კომპლექსური ნაბიჯები, ამისთვის კეთდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვება. ამას გარდა, გრძელვადიანი ეკონომიკური პროგრამები, რომლებიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყნის საგადასახდელო ბალანსი გაუმჯობესდეს, არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ფულად გადარიცხვებზე და ისეთ მუხლებზე, რომლებიც შესაძლოა ეკონომიკური კრიზისის დროს იყოს რყევადი. ამიტომ, ამ გრძელვადიანი კომპლექსური ზომების გატარების გზით, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივაღწევთ იმას, რომ გრძელვადიანი ნდობა ეროვნული ვალუტის მიმართ უფრო გამყარდება. ამას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საპენსიო რეფორმა, რომელიც 2017 წელს არის დაგეგმილი," - განმარტა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსხური