საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-07-19

2

საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო ფართოვდება - ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების მონაწილეობით, დღეს ანკარაში საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭო ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ინსტიტუციონალურ სახეს შესძენს ისედაც აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას. სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს თურქეთთან აკავშირებს მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობად ჩამოყალიბდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე. მისი განმარტებით, საქართველოსათვის გადამწყვეტია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერა. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ტერორიზმის საფრთხეებს.

"აქვე, მინდა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაფიქსირო, რომ მკაცრად ვგმობთ ტერორისტულ აქტებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა თურქეთში და სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთის რესპუბლიკას. მიუხედავად ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევებისა, ვფიქრობ, უნდა გამოვიჩინოთ მაქსიმალური ძალისხმევა, რათა არ შეფერხდეს ჩვენი რეგიონის განვითარება და წარმატებით განვახორციელოთ საერთო პროექტები, მთელი რიგი მიმართულებებით," - განაცხადა პრემიერმა.

მისი თქმით, მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობის პარალელურად, საქართველო-თურქეთის ურთიერთობების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გასააქტიურებლად, მნიშვნელოვნია ბაზრებზე მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დაბალანსება, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოს ექსპორტი თურქულ ბაზარზე. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ბიზნესწრეების საქმიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს თანამშრომლობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან განზომილებას. ამ თვალსაზრისით, საქართველო არაერთ შესაძლებლობას სთავაზობს საქმიან წრეებს, განსაკუთრებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის გათვალისწინებით.

სხდომაზე ისაუბრეს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებაც. აღინიშნა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის პროექტების მნიშვნელობა. ითქვა, რომ სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების რეალიზაცია, ხელს შეუწყობს ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას და უზრუნველყოფს ენერგომატარებლების დამატებითი მოცულობების მიწოდებას კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ბაზარზე.

საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველ შეხვედრას ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური