საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის და გერმანიის კანცლერის პრესკონფერენცია ამოსაბეჭდი ვერსია

2016-06-15

ჩვენ ვხედავთ დიდ წარმატებას და დიდ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია და მოდით, ვიაროთ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ, - ამ სიტყვებით მიმართა გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

გერმანიის კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები ძალიან კარგია და ამაზე მეტყველებს, როგორც პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პრეზიდენტის ვიზიტები გერმანიაში და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში, რომელიც ივლისშია დაგეგმილი.

„საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავზე, ჩვენ ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობები გვაქვს და ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ამ სულისკვეთებით წარიმართა. ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე. აღვნიშნეთ, რომ კარგია, რომ 2017 წელი გამოცხადდა ქართულ-გერმანული მეგობრობის წლად და კარგია, რომ 2018 წელს საქართველო წარმოდგენილი იქნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, როგორც სტუმარი ქვეყანა. ეს ბევრ გერმანელს მისცემს საშუალებას, გაიცნოს ქართული კულტურა, ქართველი მწერლები უკეთესად, ვიდრე აქამდე", - განაცხადა კანცლერმა.

ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ გერმანია საქართველოსთან, ასევე, ევროკავშირისა და ნატო-ს ერთობლივი პროექტების ფარგლებში თანამშრომლობს.

კანცლერის თქმით, გერმანია ინტერესით ადევნებს თვალყურს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებს და ეკონომიკის ლიბერალიზაციას.

„ვფიქრობ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და შესანიშნავი საფუძველია იმისთვის, რომ გერმანულ საწარმოებთან ეკონომიკური ურთიერთობები გაუმჯობესდეს. განსაკუთრებით მშენებლობის სფეროში ძალიან მჭიდრო კონტაქტები გვაქვს და ამის უფრო ფართო ფუნდამენტზე დაყენება შეგვიძლია. პრემიერ-მინისტრი დღეს ბევრ გერმანულ კომპანიას შეხვდა. ისინი ალბათ საკმარისად არ იცნობენ, რამდენად დიდ წარმატებას მიაღწია საქართველომ. თუ შევხედავთ მსოფლიო რეიტინგებს კონკურენტუნარიანობისა და გამჭვირვალობის კუთხით, საქართველოს შესანიშნავი წარმატებები ჰქონდა", - განაცხადა ანგელა მერკელმა.

კანცლერის თქმით, შეხვედრისას საუბარი ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციასაც შეეხო. ანგელა მერკელის შეფასებით, ამან წვლილი შეიტანა ევროკავშირის ქვეყნებსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კონტაქტების გაზრდაში.

„ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საქართველო ძალიან პრაგმატულ ნაბიჯებს დგამს რუსეთთან, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი თემა ისევ რჩება. ჩვენ, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამაში მოვიაზრებთ, რა თქმა უნდა, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს. გვიხარია, რომ ჰუმანიტარული და ადამიანებს შორის კონტაქტები ამ რეგიონებთან არსებობს და მივესალმებით საქართველოს ძალისხმევას ჟენევის ფორმატში წარმატებების მისაღწევად", - განაცხადა ანგელა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ისევე, როგორც გასულ კვირას, ტელეფონით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღესაც ესაუბრა ვიზალიბერალიზაციაზე.

„ევროკომისიამ დაადგინა, რომ საქართველომ შეასრულა ყველა კრიტერიუმი ვიზალიბერალიზაციისთვის. დღეს საუბარია იმაზე, როდის მივიღებთ ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციის შესახებ. მე წინა კვირასაც, სატელეფონო საუბრისას, აღვნიშნე, რომ ჩვენ ვიზალიბერალიზაციას განვიხილავთ შეჩერების მექანიზმის კონტექსტში და ამას საქართველოსთან უშუალო კავშირი არ აქვს. არამედ, ზოგადად, თუ ამ საკითხზე დიდი სირთულეები წარმოიქმნება, მაგალითად, თუ რომელიმე ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე ჩამოვა და მოითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს ევროკავშირში, როგორც გასულ წელს სერბეთის შემთხვევა გვქონდა, ამის განმეორება არ გვინდა და ამიტომ მივისწრაფვით შეჩერების მექანიზმისკენ. ეს საკითხი ევროპარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს. დიდი იმედი მაქვს, ძალიან მალე მიიღება გადაწყვეტილება, შედგება კენჭისყრა ევროპარლამენტში, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე", - განაცხადა ანგელა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და „ყოველთვის არამარტივ, მაგრამ ძალიან ამბიციურ გზაზე" წარმატებები უსურვა.

„გერმანია იქნება თქვენი მეგობარი და კარგი პარტნიორი", - მიმართა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

გერმანიის კანცლერს საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვისა და გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა. გიორგი კვირიკაშვილმა ანგელა მერკელი, საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის ერთობლივად აღსანიშნავად, საქართველოში მოიწვია.

„მოხარული ვარ, რომ ამ რანგში პირველად ვიმყოფები გერმანიაში - ქვეყანაში, რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებს საუკუნეების განმავლობაში ძალიან მჭიდრო კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები, რომლებიც განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში გააქტიურდა. ძალიან მოხარული ვართ, საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები სრულიად სხვა მასშტაბს იღებს და ბიზნესფორუმი, რომელიც დღეს დილით ჩატარდა და 150-ზე მეტი გერმანული კომპანია დაესწრო, არის მკაფიო ნიშანი იმისა, რომ ჩვენს შორის ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გააქტიურდება. დიდ მადლობას ვუხდი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, ქვეყანას, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ძალიან ძლიერი მხარდამჭერი იყო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ფასეულია გერმანიის მხარდაჭერა და თანამშრომლობა ასევე განათლების სფეროში და შთამბეჭდავია იმ ახალგაზრდა ქართველთა რაოდენობა, რომლებიც მრავალი წელია, გერმანული ინსტიტუტებისა და ფონდების ფინანსური მხარდაჭერით, სწავლობენ და სამეცნიერო საქმიანობას ეწევიან გერმანიაში.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საუბარი პროფესიული განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხსაც შეეხო.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის, როგორც ამ მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, შესაბამისად დღეს განათლების სამინისტროებს შორის გაფორმდება მემორანდუმი, რაც ძალიან დაგვეხმარება ჩვენს მიერ დაგეგმილი რეფორმების განხორციელებაში. ასევე, განსაკუთრებულ როლს ვანიჭებთ გერმანიასთან სხვა მიმართულებებით თანამშრომლობას. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველოში 300-ზე მეტი გერმანული კომპანია ფუნქციონირებს და ვფიქრობთ, ეს ჯერ კიდევ არ არის ის პოტენციალი, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით არსებობს. უკვე არსებულ პირდაპირ ავიარეისებს სექტემბრიდან დაემატება პირდაპირი რეისი ბერლინში, რაც კიდევ უფრო გაზრდის ჩვენს ხალხებს შორის კონტაქტებს. მოხარული ვართ, რომ გასული წლის მანძილზე საქართველოს ეწვია 36 000 გერმანელი ვიზიტორი და ტურისტების რაოდენობა გერმანიიდან ყოველწლიურად იზრდება. საქართველო ტურისტულად ძალიან მომხიბვლელი ქვეყანაა და შარშან საქართველოს ჯამში 6 მილიონამდე ტურისტი ეწვია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქართული მხარის სურვილია, მეტი ქართველი ტურისტი და ბიზნესმენი ეწვიოს გერმანიას, რისთვისაც გერმანიის კანცლერთან განხილული იყო საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლა ევროპაში საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოს ევროპასთან დაახლოების გზაზე უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

„ამისთვის, ჩვენ 2013 წლის შემდეგ, ძალიან ბევრი რეფორმა განვახორციელეთ, გავაძლიერეთ ჩვენი, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური შესაძლებლობები, რათა ევროპამ თავი იგრძნოს დაცულად, მაშინ, როდესაც საუბარია უვიზო მიმოსვლაზე საქართველოდან. ჩვენ გავაძლიერეთ თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის, გავაფორმეთ შესაბამისი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება, განვათავსეთ პოლიციის ატაშე ჩვენს საელჩოში, ჩამოვაყალიბეთ მჭიდრო პრაქტიკული თანამშრომლობა. ჩემთან ერთად, ვიზიტში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი. ეს წელს უკვე მისი მეორე ვიზიტია. ასევე, საქართველოში მარტში იმყოფებოდა გერმანიის ფედერალური კრიმინალური სააგენტოს ხელმძღვანელი. ეს ყველაფერი მოწმობს ჩვენს შესაბამის სამსახურებს შორის მაღალი დონის თანამშრომლობაზე, რომელმაც უკვე კონკრეტული პოზიტიური შედეგები გამოიღო. მე მქონდა საუბარი ქალბატონ კანცლერთან ამ საკითხზე და აღვუთქვი, რომ ჩემი პირადი მხარდაჭერა ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაუმჯობესებაზე, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საუბარი ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებსაც შეეხო. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო და გერმანია ერთად იღწვიან მშვიდობისა და სტაბილურობისათვის რეგიონში.

„ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, თუმცა ამაყად ვდგავართ ევროპისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გვერდით სხვადასხვა საერთაშორისო მისიაში და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ჩვენ მტკიცედ ვახორციელებთ ნატო-ში ინტეგრაციის ნაბიჯებს და ვისაუბრეთ ამ მიმართულებით ვარშავის სამიტის მნიშვნელობაზე. მსურს, გერმანულ მხარეს დიდი მადლობა გადავუხადო უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისათვის. ჩვენთვის, ყველასთვის ევროპაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ევროპა იყოს ერთიანი, მთლიანი და იყოს მშვიდობა. ამისთვის აუცილებელია, აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესი წარმატებით გაგრძელდეს. ევროპული მომავალი ქართველი ერის ისტორიულ, გაცნობიერებულ და შეუქცევად არჩევანს წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ ამ გზაზე დღეს დიდ წარმატებებს მივაღწიეთ და ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციისა და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესს, რაშიც მტკიცე მხარდაჭერა გვაქვს გერმანიის მთავრობისგან", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, კანცლერთან შეხვედრისას რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე, საქართველო-რუსეთს შორის არსებულ მდგომარეობაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრეს.

საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში გერმანია დიდ როლს თამაშობს, მათ შორის, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა.

პრემიერმა გერმანიის მთავრობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისათვის და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში მათი მნიშვნელოვანი როლისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ერთად ვემზადებით 2017 წელს, საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის აღსანიშნავად და ამ მხრივ მრავალ საინტერესო ღონისძიებას ვგეგმავთ. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და მოვიწვიო ფედერაციული კანცლერი საქართველოში, რათ ჩვენთან ერთად აღნიშნოს საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელი. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით გულთბილი მიღებისთვის და გამოვთქვამ დიდ იმედს, რომ ჩვენი თანამშრომლობა და ის ფორმატები, რომლებიც დღეს გაგვაჩნია, კიდევ უფრო გაფართოვდება და სრულმასშტაბიან პარტნიორობად ჩამოყალიბდება", - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის კანცლერს.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის კანცლერმა მედიის წარმომადგენლების კითხვებსაც უპასუხეს.

კითხვაზე, როდის მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლას, აქვს თუ არა საქართველოს ამ პროცესში გერმანიის უპირობო მხარდაჭერა, რატომ არ არის კონსესუსი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებაზე და რა უშლის ხელს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, გერმანიის კანცლერმა უპასუხა, რომ ნატო-სთან დაკავშირებით ნაპოვნია კარგი გადაწყვეტილება - არსებითი პაკეტი, რომელიც საქართველოსთვის შეიქმნა.

„ჩვენ საქართველოსთან მშვენივრად ვთანამშრომლობთ ავღანეთთან დაკავშირებით, ვარშავაში ვისაუბრებთ იმაზე, რა დამატებითი საშუალებები არსებობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით. ამით ძალიან კარგი საფუძველი შევქმენით ნატო-საქართველოს თანამშრომლობისთვისაც. რაც შეეხება ვიზას, ძალიან გრძელ ვადაზე საუბარი არ იქნება. საუბარია ევროპარლამენტში მიმდინარე მოლაპარაკებებზე. პარლამენტი დამოუკიდებელია, მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ხელთ არის იმისთვის, რომ განხილვის პროცესი რაც შეიძლება მალე დამთავრდეს. ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ევროკომისიის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმი შეასრულა. გერმანია არ შეეწინააღმდეგა ევროკომისიის ამ რეკომენდაციას და შეჩერების მექანიზმთან კომბინაციაში, გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული", - განაცხადა ანგელა მერკელმა.

გერმანული მედიის წარმომადგენლებმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუსვეს კითხვა, ხომ არ უცრუებს გერმანია იმედებს საქართველოს მთავრობას ნატო-სთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაცილებით უფრო ფართო და ხანგრძლივ კონტექსტში განიხილება და ის არ განისაზღვრება მხოლოდ დღევანდელი გადაწყვეტილებებით, რომელსაც არ უნდა ვუყუროთ მხოლოდ საქართველოს მოსაზრებებით და საქართველოს მხრიდან.

„ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კონტექსტები, მათ შორის როგორც ევროპული პოლიტიკის, ასევე გლობალური პოლიტიკის. ამიტომ, ჩვენ არ ვთვლით, რომ გერმანიამ გაგვიცრუა იმედები, ვთვლით, რომ პროცესი, რომელშიც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, კიდევ უფრო გვაახლოებს გერმანიას, გერმანიის როლი საქართველოს ევროინტეგრაციისა და საქართველოს ევროპული ტრანსფორმაციის პროცესში, კიდევ უფრო გამოიკვეთა, რაც პრინციპში ბუნებრივიც უნდა იყოს. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ მივაღწევთ ურთიერთგაგებას ამ პროცესში და საქართველო აუცილებლად მიიღებს ვიზალიბერალიზაციას. საქართველო თვლის, რომ აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, ამისთვის საჭიროა, საქართველო იყოს თანმიმდევრული ქვეყნის გარდაქმნის პროცესში, საქართველომ გააფართოოს პარტნიორობა ნატო-ს ალიანსთან. ჩვენ ვთვლით, რომ შესაძლებლობის ფანჯარა საქართველოსთვის გაიხსნება მაშინ, როდესაც იქნება საერთაშორისო კონტექსტი მზად ამისათვის. ამიტომ ვთვლით, რომ გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები არის უმნიშვნელოვანესი და მადლობელი ვართ გერმანიის იმ მრავალმხრივი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის უწევს ჩვენს ქვეყანას, ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ამავე კითხვაზე პასუხისას ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ ნატოსთან დაკავშირებით ბუქარესტში 2007 წელს ინტენსიური მსჯელობა გაიმართა და მას შემდეგ პრაგმატული გზები მოიძებნა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან. პაკეტით, რომელიც ჩვენ მივიღეთ, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ დისკუსია ვარშავაშიც გვექნება, ჩვენ ვართ გზაზე, რომელიც, ვფიქრობ, დღევანდელ რეალობას შეესაბამება და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში ეხმარება", - განაცხადა ანგელა მერკელმა.
კითხვას, ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით, განიხილება თუ არა ერთად საქართველოსა და უკრაინის საკითხები, გერმანიის კანცლერმა უპასუხა, რომ ყველა ქვეყანას აქვს ე.წ გზამკვლევი და ევროკომისია აფასებს, რომელი კრიტერიუმი შესრულდა და რომელი ვერა.
რაც შეეხება კრიმინალთან ბრძოლას, გერმანიის კანცლერის თქმით, ესეც თამაშობს როლს, განსაკუთრებით კი გერმანიის მოქალაქეების აღქმაში.

„მე ძალიან მიხარია და ეს ხაზგასმით დაადასტურა ჩვენმა შინაგან საქმეთა მინისტრმაც, რომ საქართველოსა და გერმანიას ძალიან ინტენსიური და ეფექტური თანამშრომლობა აქვთ ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, მჯერა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით წარმატებები გვექნება. მაქვს შეგრძნება, რომ საქართველო ძალ-ღონეს არ იშურებს და ყველა არსებული რესურსით ცდილობს, ამ მიმართულებით ჩვენთან ითანამშრომლოს", - აღნიშნა ანგელა მერკელმა.

პრესკონფერენციაზე, საქართველოს მთავრობის მეთაურს ასევე დაუსვეს კითხვა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და ხომ არ შეუქმნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს რუსული ბაზრის დახურვის საფრთხეს.

პრემიერ-მინისტრმა კანცლერს მადლობა გადაუხადა გერმანიის როლისთვის, ეუთოს პრეზიდენტობის კუთხით და ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო ფორმატზე, სადაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების დარეგულირების საკითხები განიხილება.

„ჩვენ ვთვლით, რომ გერმანიის აქტიური როლი ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უკვე გვაქვს გამოკვეთილი პროგრესი ბოლო რამდენიმე რაუნდზე, როდესაც შევძელით გალის რეგიონში, აფხაზეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის კვლავ ამუშავება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ ინციდენტები კონფლიქტურ რეგიონებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გერმანიის ეუთო-ს პრეზიდენტობის პერიოდში მოხდება სერიოზული პროგრესი ამ მიმართულებით. სახელმწიფოს გააჩნია ნდობის აღდგენის პოლიტიკა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ, მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად მივყვებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნება, არამედ ხალხის შემორიგება პირველ რიგში და ერის გამთლიანება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს აფხაზ და ოს დებთან ნდობის აღდგენა უპირველეს ყოვლისა და ამ მიმართულებით ჩვენ მიზანმიმართულ პოლიტიკას ვახორციელებთ. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ნატო-ზე მესიჯების გაჟღერებით, რუსეთთან მიმართებაში ხომ არ ვრისკავთ, რომ დავაზიანოთ ჩვენი კომერციული, სავაჭრო და ტურიზმის მიმართულებები, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ავიცილოთ მტრული რიტორიკა რუსეთთან. 2012 წლიდან ჩვენ შევცვალეთ მთავრობის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი იმ კუთხით, რომ გავხდით მაქსიმალურად კონსტრუქციულები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ არ არსებობს კომპრომისი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართულებებით. თუმცა, ვცდილობთ, რომ ხალხთა შორის ურთიერთობა აღვადგინოთ, საბედნიეროდ დღეს ჩვენ გვაქვს ვაჭრობა გარკვეული მოცულობით, გვაქვს ტურისტული ურთიერთობები, ვცდილობთ, მოვახდინოთ კომუნიკაცია, რომ საქართველოს გაწევრიანება ამა თუ იმ ბლოკში, არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, საქართველო არ იქნება უფრო მეტად მტრული, ვიდრე შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ვითარებაში. ჩვენ გვაქვს ტერიტორიული პრობლემები, გვაქვს ოკუპაციის პრობლემები, მაგრამ, ჩვენი მიდგომა არის მაქსიმალურად კონსტრუქციული, რომ დავწიოთ ტემპერატურა ამ კონფლიქტში და ვისაუბროთ მშვიდობიანად ამ კონფლიქტის გადაწყვეტაზე", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური