საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა ამერიკული ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-04-28

გრძელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკული საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა ბოსტონში გამართა.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები, ქვეყანაში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემოს გაცნობა და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები იყო.
ქართულმა მხარემ პოტენციურ ინვესტორებს ქვეყნის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელების კუთხით საქართველოს შესაძლებლობები გააცნო. საუბარი შეეხო მსოფლიოს წინაშე მდგარ გამოწვევებს.
აღინიშნა, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს კარგ საფუძველს ინვესტირებისთვის.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა ინვესტიციების მოსაზიდად, რომელსაც აქვს მაღალი რეიტინგები, მათ შორის ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით და ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კორუფციის მაჩვენებელი. მისივე თქმით, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან და წამოიწყო მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ.
საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრას საქართველოს დელეგაციის წევრები, რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და ქართული ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური