საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა პოლსონის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-04-27

საქართველოს რეგიონულ როლსა და "ახალი აბრეშუმის გზის" პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პოლსონის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე. პოლსონის ინსტიტუტის თავმჯდომარემ, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, ჰენრი პოლსონმა გიორგი კვირიკაშვილს ჩიკაგოს ისტორიული კლუბის შენობაში უმასპინძლა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა "აბრეშუმის გზის" პროექტის მნიშვნელობას მასში მონაწილე ქვეყნებისთვის და ითქვა, რომ ეს ეკონომიკური ინიციატივა ბევრ ახალ შესაძლებლობას უქმნის ქვეყნებს, რომლებიც ამ გზის გასწვრივ მდებარეობენ.

განიხილეს საქართველოს რეგიონული როლი და მისი სატრანზიტო პოტენციალი. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ასევე მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონში არის პირველი, რომელმაც წამოიწყო მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ.

საუბარი შეეხო აშშ-ის და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების პოტენციალსა და პერსპექტივებს.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური