საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან ამოსაბეჭდი ვერსია

2016-04-26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა. შეხვედრის დასაწყისში ჯოზეფ ბაიდენმა გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის მანძილზე მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერი გახდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე და აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ საქმით დაამტკიცა, რომ ევროატლანტიკური კურსის ერთგულია.

ხაზი გაუსვეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკურ სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და შემდგომ ნაბიჯებზე.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღინიშნა, რომ მიუღებელია ნებისმიერი ქმედება, რომელიც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება, მათ შორის ე.წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის შესაძლო ჩატარება.
ლიდერებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები, ასევე რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიის განმტკიცების პროცესში თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივები.

მხარეებმა 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს. განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და გლობალური უსაფრთხოების თემები. ხაზი გაესვა საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობას საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში და ქართველი ხალხის სიმამაცეს.
გაფართოებული ფორმატის შეხვედრას საქართველოს მხრიდან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე დაესწრნენ. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა საუბარი პირისპირ ფორმატში გააგრძელეს.
შეხვედრის დასასრულს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ საქართველოს უსაფრთხოებისა და სამომავლო განვითარებისთვის.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური