საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-25

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა.

1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმია საქართველოში შემოიჭრა. 1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური ჯარის ნაწილები თბილისში შემოვიდნენ. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დღეებში ჯარისკაცთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

იუნკერები საქართველოს თავისუფლებისთვის 1921 წლის 17-25 თებერვალს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან იბრძოდნენ.

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება გააკეთა.

„დღეს არის საბჭოთა ოკუპაციის დღე. ეს არის დღე, როდესაც უამრავმა ადამიანმა, ესენი იყვნენ ჩვენი ჯარის შენაერთები, სახალხო გვარდია და მოხალისეები, წინასწარ გადაწყვეტილ ბრძოლაში, თავდადებული გმირობა აჩვენეს. მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა წაგებით დასრულდა, საბოლოო ჯამში საქართველოს სუვერენიტეტის შენარჩუნებისთვის ომი მოგებულია. ის რომ დღეს ამ შენობის თავზე საქართველოს დროშა ფრიალებს, ის რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილებები, თუნდაც საქართველოს დასავლური კურსის თაობაზე, არის დამსახურება ამ ადამიანების და კიდევ არაერთი გმირის, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. მათი მაგალითი კიდევ დიდხანს, ბევრი საუკუნის განმავლობაში გაუნათებს გზას ჩვენს მომავალ თაობებსაც, - აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური