საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს 425 სკა გადაეცათ ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-20

მეფუტკრეობის აღორძინება და ქართული თაფლის ევროპულ ბაზარზე გასვლა ჩვენი მთავარი ამოცანაა,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მეფუტკრეებთან შეხვედრისას განაცხადა.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დღეს სამეგრელოს რეგიონის 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 425 სკა გადაეცა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრთან, მთავრობის სხვა წევრებთან და მხარის გუბერნატორთან ერთად დაესწრო.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები შეძლებენ საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის გაზრდას.

სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 2015 წლის ოქტომბერში გამოცხადდა, კოოპერატივებს საშუალება ჰქონდათ, თანადაფინანსებით, ღირებულების 30 %-ად მიეღოთ მათთვის სასურველი სკა.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაციის მეორე ეტაპი 29 თებერვლიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.
პრემიერმა ასევე დაათვალიერა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მდებარე თხილის საწარმო, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აშენდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური