საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

თანამემამულეთა სამშობლოში გადმოსვენების ხარჯებს მთავრობა გაიღებს ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-19

ჩვენი სახელმწიფოს ღირსების საკითხია, რომ უცხოეთში გარდაცვლილი ჩვენი თანამემამულეები საქართველოში გადმოვასვენოთ და მთავრობის სხდომაზე აღარ გავხადოთ ამ საკითხის განხილვა საჭირო,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, საკითხს საგარეო საქმეთა სამინისტრო მთავრობის სხდომაზე გატანის გარეშე გადაწყვეტს, ხოლო უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების გადმოსვენების ხარჯებს მთავრობა გაიღებს.
პრემიერ-მინისტრმა საკითხის მოგვარება საგარეო საქმეთა სამინიტროს დაავალა.

„დავავალოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ მათ მიხედონ ამ პროცედურას და მთავრობის სხდომაზე საკითხის გატანის გარეშე, ყველა, ვინც მოგვმართავს ჩვენი თანამემამულის გადმოსვენებაში დაფინანსებისა და დახმარების თხოვნით, უზრუნველყოთ, რათა ისინი დროზე იქნან საქართველოში გადმოსვენებულნი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც გარდაცვლილთა გადმოსვენება თვეობით ვერ ხერხდებოდა. პრემიერი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე და მსგავსი შემთხვევები აღარ უნდა განმეორდეს.
პრემიერ-მინისტრმა, აღნიშნული ინიციატივისთვის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გელა დუმბაძეს მადლობა გადაუხადა.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური