საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-18

ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების გეგმა, დამწყები ბიზნესის დაფინანსების ხელშეწყობის პროგრამა და 2016 წელს რეგიონებში განსახორციელებელი ღონისძიებები განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაჩქარების გეგმა წარადგინა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა. პრემიერ-მინისტრის დავალებით, მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი პროექტირებისა და მშენებლობის ვადები, რათა სტრატეგიული მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობა მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდა დასრულდეს.  

სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ უკვე ყალიბდება ე.წ „სტარტაპების" ხელშეწყობის პროგრამის კონკრეტული კრიტერიუმები და დაფინანსების პროცედურები, რის შემდეგაც პროექტს მთავრობა განიხილავს. პროგრამა საქართველოში ახალი ბიზნესპროექტებისა და მეწარმეობის სულისკვეთების განვითარებას ისახავს მიზნად.

2016 წელს რეგიონებში განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმაზე ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ისაუბრა. მიხეილ გიორგაძის ინფორმაციით, რეგიონებში მოეწყობა ღია საკონცერტო სივრცეები და ჩატარდება, როგორც კონცერტები და თეატრალური წარმოდგენები, ისე - სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები, რომლებშიც, ქართველ მომღერლებთან ერთად, უცხოელი შემსრულებლებიც მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიებები რეგიონებში გაზაფხულიდან დაიწყება და მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური