საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა მინისტრებს პრიორიტეტების შესრულების დეტალური გეგმის წარდგენა დაავალა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-02-11

ხელოვნების ინკუბატორების სისტემის განვითარება, ენგურის გარშემო კულტურულ-ტურისტული ზონის მოწყობა და სამუზეუმო ქალაქის შექმნა - კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2016 წლის ძირითადი პრიორიტეტებია.

სამომავლო გეგმები მიხეილ გიორგაძემ მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე წარადგინა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მინისტრმა მომავლის ხედვასთან ერთად იმ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა, რომლებიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სფეროში უკვე განხორციელდა.

მინისტრთა კაბინეტმა და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლებმა დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე ასევე მოისმინეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტები. ტარიელ ხეჩიკაშვილის უწყება მიმდინარე წელს მასობრივი სპორტის მაქსიმალურ ხელშეწყობას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობას, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სპორტული ვაუჩერების სისტემის დანერგვას და სპორტულ სამყაროში შშმ პირებისა და ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას ისახავს მიზნად.

მთავრობამ, საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი კომიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, ყველა სამინისტროს, ასევე, თბილისის მერიისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროექტების პორტფელის შესახებ ინფორმაცია უკვე მიიღო და ძირითადი პრიორიტეტები ჩამოაყალიბა.

პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს დაავალა, უახლოეს დღეებში, მთავრობის ადმინისტრაციას წარუდგინონ დროში გაწერილი კონკრეტული გეგმა, როგორ და რა რესურსით განავითარებენ თემებს, რომლებიც პრიორიტეტულად დასახელდა. მას შემდეგ, რაც ყველა სამინისტრო, საკუთარი პრიორიტეტების შესრულების დეტალურ გეგმას წარადგენს, მთავრობის ადმინისტრაციაში მათი სისტემატიზაცია განხორციელდება და, საბოლოო განხილვის შემდეგ, სამთავრობო პრიორიტეტების ერთიანი ნუსხა შემუშავდება.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური