საქართველოს მთავრობა – 2016 წლის სიახლეები

ოპერისა და ბალეტის თეატრი გაიხსნა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-01-30

6-წლიანი პაუზის შემდეგ, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი დღეს სპექტაკლ "აბესალომ და ეთერით" გაიხსნა. თეატრის საზეიმო გახსნის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. 

"აბესალომ და ეთერის" წამყვან პარტიებს მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლები - ლადო ათანელი, თამარ ივერი და თეიმურაზ გუგუშვილი ასრულებენ. სპექტაკლის დადგმის რეჟისორია გიზო ჟორდანია, მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი, დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი. 

სპექტაკლის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერა და თეატრში შეკრებილ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. 

"ძალიან ემოციური დღეა, ნამდვილად ულამაზესი გამოვიდა ოპერისა და ბალეტის თეატრი. მინდა, მივულოცო საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს, ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია ეს კედლები. მინდა, მივულოცო ხელოვნების სფეროს ყველა წარმომადგენელს ეს მართლაც სასიხარულო დღე და მინდა მივულოცო  თბილისს. ასევე მინდა, რომ ყველანაირი პოლიტიკა გვერდზე გადავდოთ. მე როგორც ერთმა მოქალაქემ, გიორგი კვირიკაშვილმა მინდა მივულოცო საქართველოს მოქალაქეს ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთა საქართველოსთვის და ეს შენობა აჩუქა ჩვენს ქვეყანას. აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ვერ შეძლო და ვერ ესწრება ამ წარმოდგენას. ძალიან ბევრი შესაძლებლობა იქნება კიდევ ასეთი. სიამოვნებით დავუთმობდი ჩემს ადგილს, უბრალოდ, ალბათ ძალიან ბევრნი არიან და არ მინდა უაზრო ჟესტი გამომივიდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა თეატრის შენობის რესტავრაციისთვის ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა. 

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის რემონტი 2010 წელს ფონდმა  "ქართუმ" დაიწყო. პროექტის ღირებულება, რომელიც ითვალისწინებდა თეატრის სრულ აღდგენით-სარესტავრაციო სამუშაოებს, 40 მილიონი აშშ დოლარია. 

შენობას ჩაუტარდა შიდა და გარე სარესტავრაციო სამუშაოები. აღდგა ნოდარ ერგემლიძის დიზაინით შექმნილი, ავსტრიული ბროლით დამზადებული 600 ნათურიანი ჭაღი; განათებისთვის საჭირო 12 000 ერთეული ავსტრიული ბროლის დეტალი ფონდმა ,"ქართუმ" კომპანია, "სვაროვსკისგან" შეიძინა. თეატრი სრულად აღიჭურვა ახალი ავეჯითა და კომპიუტერული ტექნიკით. 

სერგო ქობულაძის ესკიზის მიხედვით შექმნილი ფარდა თეატრის სცენაზე დღეს  პირველად დაეშვა - თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალი სიცოცხლე დაიწყო. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური