საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2015 წლის სხდომები

2015 წლის 4 სექტემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-09-04

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 40 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის” დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს. პროექტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო, პროექტის ფარგლებში დაწესებული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაინტერესებული კოოპერატივებისათვის  უზრუნველყოფს სკების შეძენას და ტექნიკურ მხარდაჭერას. კერძოდ:

1. პროგრამის ფარგლებში თითოეული მონაწილისათვის განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით სკების გადაცემა მისი ღირებულების 30%-ის ოდენობით.

2 მონაწილეებს გადაეცემათ მათ ბალანსზე არსებული სკების  იდენტური რაოდენობა, მაგრამ არაუმეტეს 100 ცალი.

3. სააგენტო უზრუნველყოფს როგორც კოოპერატივის ბალანსზე რიცხული, ისე ამ პროგრამის ფარგლებში კოოპერატივისათვის გადაცემული სკების აღრიცხვა/რეგისტრაციას.

4. მონაწილე  მიიღებს  ტექნიკურ დახმარებას (კონსულტაცია) „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“.  

დღევანდელ სხდომის გადაწყვეტილებით,  საქართველოს მთავრობასა და „ხუდონჰესის“ განმახორციელებელ ინვესტორ კომპანიას  „ტრანს-ელექტრიკას“ შორის, 2011 წელს  გაფორმებულ მემორანდუმში ცვლილებები შევიდა. ცვლილების თანახმად, ინვესტორი კომპანია ვალდებულია ხუდონჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია,  ნაცვლად წელიწადის 3 თვისა (რაც შეადგენდა ხუდონის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 10%-მდე), მთელი წლის განმვალობაში  დატოვოს საქართველოში. შესაბამისად,  ხუდონჰესის მიერ გამომუშავებულ  მთლიან ელექტროენერგიას (ხუდონის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 100%) მოიხმარს საქართველოს მოსახლეობა.