საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2015 წლის სხდომები

2015 წლის 25 აგვისტოს მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2015-08-25

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 40 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო პროგრამის „დანერგე მომავალი" განცხადებების მიღების მეორე ეტაპს იწყებს. ახალი დადგენილებით, ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება პროგრამით რამდენჯერმე ისარგებლოს. რეგიონებს დაემატათ ახალი კულტურები. ასევე, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ გურია, სამეგრელო და აჭარის რეგიონებში თხილის კულტურის გაშენების შემთხვევაში მოიხსნა შეზღუდვა წვეთოვანი სარწყავი სისტემის სავალდებულო მოწყობის თაობაზე, რაც ბენეფიციარს თავისუფალი არჩევანის საშუალებას აძლევს. სახელმწიფო თანადაფინანსების პრინციპი იგივე დარჩა: ბაღის გაშენების შემთხვევაში - ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს სააგენტო დააფინანსებს, სანერგე მეურნეობის შემთხვევაში კი მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ განხორციელებული ცვლილებების შედეგად პროგრამით „დანერგე მომავალი" სარგებლობას უფრო მეტი ფერმერი შეძლებს.

მთავრობის სხდომამ დაამტკიცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტები. ცვლილებები შედის უმაღლესი განათლების, ზოგადო განათლების და მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ კანონებში. არსებულს ემატება : მასწავლებლების მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა, ორმაგი აკადემიური ხარისხით. გაფართოვდა კვლევითი ლაბორატორიის შექმნის შესაძლებლობა. ცვლილელების მიზანია სწავლების პროცესში კვლევითი კომპონენტის გაძლიერება;
საუნივერსიტეტო და სამეცნიერო სივრცეში ახალგაზრდა კადრების შემოყვანა; საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ჰარმონიზაცია ევროპულ სივრცესთან;
მასწავლებლის მომზადების სისტემის გაუმჯობესება.

მთავრობის მხარი დაუჭირა C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი იზრდება.